skip to content
ახალი ამბები

ბორელი და ვარჰეი: „უცხოელი აგენტების“ კანონი უარყოფითად აისახება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება“, განაცხადეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში და საქართველოს ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

„ამ კანონის მიღება ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლაზე უარყოფითად აისახება“, – ნათქვამია განცხადებაში. „არჩევანი თუ რა გზით გაგრძელდება სვლა, საქართველოს ხელშია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს კანონი, შეინარჩუნოს ევროკავშირის გზის ერთგულება და 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები განახორციელოს“.

განცხადებას წინ უძღოდა მოწოდებები ბრიუსელის მიმართ, მათ შორის ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის მხრიდან, რომ საქართველოს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენს „კანონის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებზე. მასობრივი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.

„ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. ეს კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და სწორედ მათ ეფუძნება საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია ბორელის და ვარჰეის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა, რომ „ქვეყანა განახორციელებდა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს რეკომენდებულ 9 ნაბიჯს. ეს ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მედიისთვის თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ისინი ასევე დეპოლარიზაციას და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას შეეხება“.

ბორელმა და ვარჰეიმ დაგმეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას ეს „დოკუმენტირებული ქმედებები“ გამოიძიოს.

„ევროკავშირი მზად არის გააგრძელოს ევროპული მომავლისკენ მისწრაფების მქონე საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button