აშშ-ის საელჩო: 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა ივანიშვილის ანტი-დასავლური განცხადების გამო გაუქმდა
აშშ-ის საელჩომ საქართველოში ონლაინ მედია საშუალება „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტში მონაწილეობა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მერ 29 აპრილს გაკეთებული ანტი-დასავლური განცხადებების გამო გააუქმა.
აშშ-ის საელჩომ ასევე განაცხადა, რომ ის „რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს, რომ საქართველო მტკიცედ იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში“. საელჩომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას „დაუბრუნდეს ამ გზას“.
29 აპრილს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოსვლისას ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წინა ადმინისტრაციებს უცხოური ძალები აკონტროლებდნენ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები – სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“. ივანიშვილმა ეს უცხოური ძალები საქართველოში ძალადობისა და არეულობის მოწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიზეზი მიხეილ სააკაშვილის სადიზმი და პატრიოტიზმის ნაკლებობა იყო, თუმცა ფაქტიურად, ეს ყველაფერი უცხოეთიდან მათი პატრონების დაკვეთით განხორციელდა.
ღონისძიებაზე ამერიკელი სამხედროების დაუსწრებლობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 10 ივნისს განაცხადა: „თუკი ვინმეს არ სურს აღნიშვნა, არ სურს, ეს ჩვენი დღე არის და ჩვენ აღვნიშნავთ, ეს არის მთავარი“.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიდი ხნის სამხედრო თანამშრომლობას აშშ-სთან და განაცხადა: „თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ტყვიებზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხი არის. ჩვენ ჩვენს დამოუკიდებლობას ვაჩვენებდით სხვანაირად ხოლმე, ჩვენ ვაჩვენებდით მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მაშინ, როდესაც ნატოს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ჰყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე, ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)