‘აგენტების’ კანონის გამო, ფონდი ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს წყვეტს
ფონდმა „ფეა თრიიზ“ 29 მაისს განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო, ის წყვეტს 2023 წელს დაწყებულ თანამშრომლობას ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, რაც საგარეო დახმარებაზე და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების უამრავ პროექტზე კანონის მავნე ზემოქმედებად იქნა მიჩნეული.
„აღნიშნული კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს დავრეგისტრირდეთ როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისაკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაციან უნდა იყოს უცხოური ინტერესების მატარებელთა რეესტრში““, – აცხადებს ორგანიზაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გაგზავნილ წერილში.
ფონდი აღნიშნავს, რომ ახალი კანონის თანახმად, მოსალოდნელია მას დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. „ამ ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ გვრჩება“. ორგანიზაციის თქმით, მას არ შეუძლია დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, „მაშინ როცა ჩვენი მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად მიღებული კანონის გამო“.
ფონდის წერილს ონის მუნიციპალიტეტის მერია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „განცხადება აბსოლუტურად სპეკულაციურია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს“. „ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება“. მერიამ პირობა დადო, რომ პროექტი სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება.
იმავდროულად, 30 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „ლელო“ და მისი ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფონდის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და მას „სამარცხვინო“ უწოდა. მისი თქმით, ეს ფონდი არ არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა.
თავად ფონდმა უარყო ეს ინფორმაცია, რომელიც სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა და თავის ვებგვერდზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც ბადრი ჯაფარიძე არ იძებნება.
ბადრი ჯაფარიძემ სოციალური ქსელში დაწერა, რომ იგი ფონდს წლების წინ ხელმძღვანელობდა და პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, მან ფონდთან საქმიანი ურთიერთობა დაასრულა. „ეს არის რუსული კანონის შედეგი, რითიც ზიანდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით, აუცილებლად შეიცვლება ეს რუსული რეჟიმი და ეს კანონი. აუცილებლად გაგრძელდება დაფინანსება და განვითარება ყველა იმ პროექტის, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება“, – წერს ჯაფარიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)