ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი პარლამენტთან კანონპროექტზე თანამშრომლობას წყვეტს

„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ 4 აპრილს განაცხადა, რომ ის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს აჩერებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია აცხადებს, რომ „შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს“. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია“.

„პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსფოლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პლატფორმა აღნიშნავს, რომ ის ცდილობდა პარლამენტთან აქტიური დიალოგი ეწარმოებინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, რაც ევროკავშირმა დადებითად შეაფასა. თუმცა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, პლატფორმამ გადაწყვიტა შეაჩეროს მემორანდუმი და მოუწოდა მთავრობას შეწყვიტოს საქართველოს დასავლური მომავლის საბოტაჟი. პლატფორმა მოუწოდებს მმართველ გუნდს გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანზიაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button