ახალი ამბები

TI საქართველო და საია: პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

ორმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) – 30 აპრილის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით განცხადებები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  

TI საქართველომ განაცხადა, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო“. ორგანიზაციის თქმით, შსს-ის მიერ ძალის გამოყენების შედეგად, „დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს“.   

„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის  თავისუფლებით სარგებლობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“, – ნათქვამია TI საქართველოს განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ 30 აპრილს გამართულ აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალება „წიწაკის სპრეის“ ახლო მანძილიდან, „წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ და არაპროპორციულად“. საია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე ტერიტორიის დასატოვებლად და იმ ტერიტორიისაგან გასარიდებლად, სადაც საპოლიციო ძალებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. „Საპოლიციო ძალების ტაქტიკა, რომელიც იკავებს ან ალყაში აქცევს მონაწილეებს და ხელს უშლის მათ მიერ ტერიტორიის დატოვებას, არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია მიმართავს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც:

  • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით;
  • ინსტრუქცია ასევე არეგულირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს და ადგენს პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს, კერძოდ: „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობით.“
  • ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
  • ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ შესასვლელების ბლოკირების გამო დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება და, შედეგად, მათი დაშლა არღვევს საერთაშორისო სტანდარდს.

„მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.  

საია მოუწოდებს შსს-ს, რომ უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა.

საია ასევე მოუწოდებს Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებსა და წესთან დაკავშირებით; ასევე არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

საია მოუწოდებს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button