ახალი ამბები

სასტურმო Pullman Tbilisi კონფერენცია OpenTalks.AI-ს აღარ უმასპინძლებს

კონფერენცია OpenTalks.AI, რომლის გამართვაც 6-7 მარტს სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში იგეგმებოდა გაუქმდა. კონფერენცია 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა და მისი რუსი ორგანიზატორია iLabs. ეს უკანასკნელი წარსულში პუტინის მიერ დაფინანსებულ სკოლკოვოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტისთან (Skoltech) და ბევრ ამჟამად დასანქცირებულ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობდა. ორგანიზატორებმა შეტყობინება კონფერენციის გაუქმების შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე 2 მარტს განათავსეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სასტუმრო Pullman Tbilisi კონფერენციის ჩასატარებლად სივრცეს აღარ გამოყოფდა. კონფერენციის ვებგვერდზე წერია: „კონფერენცია თბილისში გაუქმდა ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული მიზეზებით. ძალიან დამწუხრებულები ვართ, თუმცა სიტუაცია ასეთია“.

თავის მხრივ სასტუმრომ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი“.

მართალია, კონფერენციის ვებსაიტზე სპონსორებს შორის არ არის ჩამოთვლილი სანქცირებული რუსული კომპანიები, ორგანიზატორს, Ilabs-ს აქვს სანქცირებულ VTB-სთან, Yandex-სთან, Rostelecom-თან, Sberbank-თან, Megafon-თან  და Skoltech-თან მუშაობის ისტორია. კონფერენციაზე დაგეგმილი იყო ამ კომპანიების წარმომადგენლებისა და მოქმედი თანამშრომლების მომხსენებლებად და/ან მოდერატორებად გამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ სკოლტექის უნივერსიტეტი მოსკოვში სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ცენტრი, რომელიც 2010 წელს დაარსდა, რუსეთის მთავრობის მცდელობას წარმოადგენდა, რომ სილიკონის ველის საკუთარი ვერსია შეექმნა. სკოლტექის უნივერსიტეტი 2011 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტთან (MIT) ერთობლივი ძალისხმევით და რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ MIT-მა Skoltech-თან თანამშრომლობა შეაჩერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button