ახალი ამბები

TI: „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანარეკლია და შესაძლოა ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (TI) 18 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა მისი ხელახალი ინიცირების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის რუსეთში 2012 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის ანარეკლია. მან ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას წინ უსწრებდა „წინა ღამით თბილისის ქუჩებში მომიტინგეების სასტიკი დარბევა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ „ეს ნაბიჯი ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს და ქვეყანაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ მიღწეულ პროგრესს“. ორგანიზაციის თქმით, კანონის მიღება იქნება „სერიოზული უკანდახევა საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებებისთვის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისთვის“. TI ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონის მიღებამ „შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ“ უკან გაიწვიოს კანონპროექტი და შეწყვიტოს თავდასხმები სსო-ებსა და მედიაზე, მათ შორის მის ადგილობრივ ფილიალზე. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას „დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ახალი კანონმდებლობა აძლიერებდეს და არა ძირს უთხრიდეს საქართველოს ერთგულებას გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის მიმართ“.

რაც შეეხება კანონპროექტის მიღების მოსალოდნელ შედეგებს, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები სსო-ებისა და მედიისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყის მიკერება შეიცავს „მძიმე სტიგმას და მათი დისკრედიტაციისა და მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის შემცირების პოტენციალს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ასეთი ზომები „არა მხოლოდ ზღუდავს, არამედ ზიანს აყენებს დემოკრატიულ დისკურსს და ჩართულობას“, რაც მმართველობასა და სოციალურ პროგრესში ქართული სსო-ების წვლილის „განმასხვავებელი ნიშანი“ იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კანონზე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების, ევროკომისიის, ევროპარლამენტის წევრების, აშშ-ის სენატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და, კერძოდ, ჰელსინკის კომისიის კრიტიკულ რეაქციებს იხსენებს. ის იმ ფაქტსაც გამოეხმაურა, რომ ქართული საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონის მიღებას.

„ეს კანონი 2012 წელს რუსეთში მიღებული და 2022 წელს გაფართოებული რეპრესიული კანონმდებლობის ანარეკლია, რასაც მოყვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთის“ „არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა“, რაც საბოლოოდ მისი დახურვით დასრულდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედია საშუალებებისთვის გარემო სწრაფად უარესდება, ხოლო სამოქალაქო სივრცე სულ უფრო მცირდება.

„მნიშვნელოვანია, საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც მხარს უჭერს ღია საზოგადოების განვითარებას, ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას თან ახლავს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარის, ფრანსუა ვალერიანის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ზუსტად იგივე შინაარსით, რაც გასულ წელს იყო და ფორმულირების მცირე ცვლილებით „არ ცვლის მის მიზანს ძირი გამოუთახოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობას ხმამაღლა ილაპარაკოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე“. იგი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „გადახედოს ამ რეგრესულ გზას და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ღია მმართველობისა და დემოკრატიული მთლიანობის პრინციპებისადმი“.

„საქართველოს დემოკრატიის მომავალი და მისი ადგილი ევროპულ საზოგადოებაში დამოკიდებულია კრიტიკული ხმების დაცვაზე და არა დევნაზე“, – ამბობს TI-ს თავმჯდომარე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button