ქართველი დიპლომატები: ივანიშვილის ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციას საბოტაჟს უწევს
საქართველოს დიპლომატთა კლუბმა, რომელიც 20-ზე მეტ ყოფილ ქართველ დიპლომატს აერთიანებს, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი დაგმო და სოლიდარობა გამოუცხადა იმ მოქალაქეებს, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.
განცხადებაში ყოფილი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველო „ისტორიულ გზაგასაყარზეა“ და რომ „რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო, სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ, ევროკავშირის წევრი გახდება“.
თუმცა, მათი თქმით, რეფორმების განხორციელების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს ევროპულ გზას საბოტაჟს უწევს: „ამის [რეფორმების] ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს გადახაზოს ქართველი ხალხის მრავალი თაობის სანუკვარი ოცნება და ქვეყანა რუსეთის პროვინციად აქციოს“.
„ივანიშვილის მთავრობა წლების განმავლობაში შეპარულად საბოტაჟს უწევდა საქართველოს ევროპულ კურსს, ახლა კი ის ღია შეტევაზე გადავიდა და ცდილობს საბოლოოდ გაგვაფორმოს კრემლის გავლენის სფეროდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოდაგეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, „რომელთა ძალისხმევით, შარშან, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა“.
„საქართველოს ვეტერანი დიპლომატები სრულ სოლირადობას ვუცხადებთ ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ათასობით პატრიოტს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა მოქმედ ქართველ დიპლომატებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საზოგადოების გამოხმაურება მოყვა
- 03/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას გამოხმაურებები მოყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)