ახალი ამბები

აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, გაერთიანებული სამეფოს ელჩი  მარკ კლეიტონი და აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძენ განაცხადა,რომ „მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური  სტანდარტის დაკმაყოფილება“.

ელჩებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button