skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი: „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უქმნის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი „სახე გამოაჩინა“ და საქართველოს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უქმნის. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა და დღევანდელ ცხრა რეკომენდაციაში წერია. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სხცა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა მმართველი პარტია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან სასამართლო რეფორმების გატარებაზე უარი თქვა და ამით საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნა. მისი კრიტიკის ობიექტი „ქართული ოცნება“ იმის გამოც გახდა, რომ უარი თქვა ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის გამარტივებაზე, სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაზე, ანტი-კორუფციული ზომების გატარებაზე, ასევე აშშ-ისთვის ულტიმატუმების წაყენების გამო.

რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ უარი თქვა ქალთა უფლებების დაცვაზე, რომელიც, მისი თქმით, ერთდაერთი შესრულებული რეკომენდაცია იყო ევროკავშირის მიერ წაყენებული სხვა რეკომენდაციებს შორის.

პრეზიდენტმა მმართველი პარტია იმაშიც დაადანაშაულა, რომ „პროვოკაციული“ ლგბტ კანონით ან რუსული კანონის ხელახლა ინიცირებით, ქართული საზოგადოებაში „გამწვავების“ გამოწვევას ცდილობს.

„პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება – პასუხი არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ, რამდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ“.

ამ კონტექსტში მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც „არ ნიშნავს პარტიების გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე“.

პრეზიდენტის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არც ქართული და არც ევროპული სულისკვეთება აქვს. „რუსეთი არასდროს დაბრუნდება აქ“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button