skip to content
ახალი ამბებიდაწვრილებით

კომენტარები „ვეტინგისა“ და სასამართლო სისტემის შესახებ

ევროკომისიამ, ისევე როგორც ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სისტემის რეფორმირება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის, ე.წ. „ვეტინგის“ მექანიზმის დანერგვის გზით. თუმცა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი „დახურულად“ და „არაკონსტიტუციურად“ გამოაცხადა და სანქცირებული მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა და მათთვის ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 2 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება აძლიერებს სასამართლო სისტემის წინააღმდეგ წარმოებულ „მდაბიო კამპანიას“, რომელსაც, მისი თქმით, „NGO სექტორის რიგი წარმომადგენლები და ნაცმოძრაობა, მისი სხვადასხვა მიმართულების განშტოებები მიმართავენ“.

მდინარაძის გარდა, მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც განაცხადეს, რომ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო სისტემის „დისკრედიტაციის“ კამპანიას აწარმოებს. სახელისუფლებო ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და POSTV-მ გამოაქვეყნეს სამი მოსამართლის სურათი, რომელთაც საჯაროდ გამოუცხადეს მხარდაჭერა „ვეტინგის“ მექანიზმს, რომში, ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორთან ერთად, და აღნიშნეს, რომ აშშ-ის საელჩომ ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა. ეს შეთქმულების თეორია „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წევრმაც აიტაცა.

„სამოქალაქო საქართველომ“ სასამართლო სისტემაში არსებულ სიტუაციასა და ვეტინგზე ქართველი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი კომენტარები შეაგროვა.

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი: „არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. თქვენ გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, როდესაც მას მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში [პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მხედველობაში ჰქონდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის საქმე, რომელმაც 2022 წელს განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა მას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ კითხვები დაუსვეს]. ამ კონკრეტული ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამარლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“ [31 მარტი, მოსამართლეების ვიზიტზე იტალიაში]: „ალბათ უფრო მეტი დეტალი საინტერესო იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რას აცხადებენ საელჩოს წარმომადგენლები, თავად მოსამართლეები, რასთან დაკავშირებით არიან, მივლინებით არიან თუ არა, ამის შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნას გამოვიტანდი, თუმცა ნებისმიერი ჩარევა რაღაც ფორმით… ნიშნავს მაინც ჩარევას… თუ რაღაც ჯგუფი გამოეყოფა იმ ნიშნით, რომ ისინი ვეტინგის მომხრეები და რაღაც წახალისებები ამასთან დაკავშირებით ხდება, ეს სამწუხაროა და ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალი, მეტი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“ (24 მარტი, ვეტინგის შესახებ]: „ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული. თუ ვინმე მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს, რაიმე სახის მტკიცებულებებს, რომ დამატებითი შემოწმება სჭირდებათ ქართველ მოსამართლეებს, მაშინ შეიძლება ჩვენ ამ თემას დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული და ამის მთავარი ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში, ქართული შტოების შესახებ, ზოგადად საქართველოს შესახებ და არამხოლოდ ხელისუფლების შტოების, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში ქართველების მიერ და ჩვენთვის მისაღები არ არის ის დამოკიდებულება, რომ უცხო ქვეყნის, რომელი ქვყანაც არ უნდა იყოს, ჩვენი ნებისმიერი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიუხედავად, დაუშვებელია ამ ქვეყანაში შემოწმება თუ სხვა სახის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. გამორიცხულია ეს ამბავი, ეს დაუშვებელია, ეს ზოგადად ცუდი პრეცედენტია“.   

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა“.

კახა კალაძე, თბილისის მერი: „პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთაც აქვთ სურვილი, დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ამ ყველაფერს მართავდნენ თავად. ყველაფერი ცხადია, ნათელია, ვიცით, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი კარგად გააანალიზა, ყველაფერს კარგად ხვდება და არქმევს თავის სახელს. საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია, თავისი კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ. ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სისხლი დავღვარეთ ამისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, პატივი სცეს ამ ყველაფერს“.

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“: „უნდა დავდგეთ მყარ პოზიციაზე, საქართველო არ იმსახურებს დამცირებას, მათ შორის სასამართლოს ამ ვეთინგის მექანიზმის გამოყენებით… მშრალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოს სასამართლო არა თუ არ იმსახურებს ასეთ დამცირებას, როგორც ვეტინგია, არამედ საქართველოს სასამართლო საჩვენებელიც კი არის მთელი რიგი მონაცემებით, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა“.

დავით მათიკაშვილი, „ქართული ოცნება“: „ჩვენ პარტნიორებისგან ველოდებით ამ უსამართლობის გამოსწორებას, სამართლიანობის აღდგენას და იმ მოსამართლეებზე, რომლებზეც ამ ცრუ ინფორმაციით, დეზინფორმაციით, ბულინგით, ათასი არასწორი მიდგომებით მოხდა იმ რეჟიმის დადგენა, რაც სრულიად შეურაცხმყოფელია ამ ხალხისთვის, ამ ყველაფრის უკან წაღებას, სანქცირების გაუქმებას“.

ოპოზიცია

თეონა აქუბარდია, საპარალემტო ჯგუფი „რეფორმატორთა ჯგუფი“: „„ქართული ოცნება“ თავს იცავს იმისთვის რომ სასამართლოში არსებული კლანის დაცვა მოახერხოს, რაც მისი ძალაუფლების გადარჩენის შესაძლებლობაა და ამიტომ ესხმის თავს ევროკავშირს“.  

ანა წითლიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ივანიშვილის პარტიის ეს გააფთრებული გადაფარება და ბრძოლა იმისთვის, რომ დაიცვან სანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ კლანურობის და კორუფციის გამო არიან სანქცირებული, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პარტიის ძალაუფლება დგას სასამართლოზე“.

ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო ჯგუფი „ევროოპტიმისტები“: „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის მოსამართლე, რომელიც არის დასანქცირებული და წინა ხელისუფლებიდან ამ ხელისუფლებაში გაცილებით უფრო ძლიერ კლანად წარმოჩენილი მსხვერპლად დაგვიხატა… „ქართული ოცნება“ რეალურად არის ძალა, რომელიც სწორედ მოსამართლეების კლანზე დგას“.

გრიგოლ გეგელია, „ლელო საქართველოსთვის“: „ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ თუ როგორ იცავს „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება იმ სასამართლო კლანს, რომელმაც ჯერ წინა ხელისუფლების და შემდეგ, არსებული ხელისუფლების დროს ამ ქვეყანაში გაანადგურა სამართლის და სამართლიანობის იდეა. ეს არიან ადამიანები, რომელთაც აშინებთ კეთილსინდისიერება, რომელთაც აშინებთ კეთილსინდისიერების გამორკვევის ნებისმიერი შესაძლო მექანიზმი“.

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „სინამდვილეში, რასაც „ქართული ოცნება“ ამ ვეტინგთან დაკავშირებით აკეთებს ჩვენ სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ… სინამდვილეში კეთილსინდისიერების შემოწმება შესაძლებელია მოხდეს, როგორც უცხოელების ჩართვით, ისე არ ჩართვით… კეთილსინდისიერების შემოწმებამდე ჩვენ რომ საკონსტიტუციო რეფორმები გავატაროთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და  უზენაესი სასამართლოს პრობლემები მოვაგვაროთ, მერწმუნეთ რომ ჩვენი სასამართლო სისტემა თვითგაჯანსაღდება, იმიტომ რომ იქ ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანია და ვეტინგი, კეთილსინდისიერების შემოწმება განსაკუთრებით უცხოელების ჩარევით საერთოდ თემა არ იქნებოდა“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button