ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ აშშ-ს მოსამართლეებზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ „კატეგორიულად“ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში და აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს ქართველ მოსამართლეებზე დაწესებული სანქციების მოხსნისკენ „კატეგორიულად“ მოუწოდა.

„ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ 1 აპრილს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

აღნიშნა რა, რომ „რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული“, მდინარაძემ განაცხადა, რომ „ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც NGO სექტორის რიგი წარმომადგენლები და ნაცმოძრაობა, მისი სხვადასხვა მიმართულების განშტოებები მიმართავენ“. მდინარაძეს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა გავლენიან მოსამართლეთა „კლანის“ წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მოწოდებები მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის, ე.წ. „ვეტინგის“ შემოღების თაობაზე, როგორც ამას ევროკავშირის ცხრა პირობიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს.

2023 წლის 5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს – ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ დასახელებულმა მოსამართლეებმა, „ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“.

მდინარაძემ ამ კონტექსტში ასევე ახსენა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომლის თქმითაც აშშ-მა და ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა მასზე ზეწოლა მოახდინეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო. მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა უარყო მოსამართლის ბრალდება და განაცხადა, რომ ეს „უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“. გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოტანიდან მალევე, ჩხიკვაძე აშშ-ში გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს. აშშ-მა უარყო რაიმე კავშირი გვარამიას საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებასა და გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა სიიდან მის ამოღებას შორის.

მდინარაძის თქმით, აშშ-მა ლაშა ჩხიკვაძეს სავიზო შეზღუდვა დაუწესა და „მას, როგორც მოსამართლეს, არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში“.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში დაადასტურა, რომ მის მიმართ „აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და რეალურად, ეს იყო ბულინგი“. „ალბათ, დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი რაღაც ფორმით დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე“, – დასძინა მან.

„ამ ყველაფერს ახალისებს ყველაფერი უსაფუძვლო, მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი“, – განაცხადა მდინარაძემ. „ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button