47 არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტინგის“ წინააღმდეგ პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს ეხმიანება
47-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 20 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ „სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“. ამ განცხადებით ისინი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურნენ, რომელთაც აღნიშნეს, რომ „ვეტინგის“ თემა მათი მხრიდან დაიხურა.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წამყვან პოზიციებზე დანიშნული მოსამართლეების და კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის მიზანი მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრებაა. „შესაბამისად, ხელისუფლება ამ საკითხის დახურვით, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს“.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს“. მათ ასევე გაიხსენეს, რომ რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
ამ კონტექსტში, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების და თავად მოსამართლეების ინტერესი უნდა იყოს საზოგადოებაში არსებული ყველა კითხვის მოხსნა. „ჩვენთვის გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების „რეალური შესრულება“.
19 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ვეტინგის“ თემა დახურულია, ვინაიდან ის „შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან“. იმავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის პოზიცია გაიმეორა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემების მაგალითები ვერ წარმოადგინეს.
„ნაცლად იმისა, რომ მოვისმინოთ წუხილი და ბოდიში ოპოზიციისგან, ენჯეოებისგან და ზოგიერთი საელჩოს მხრიდან მოსამართლეების მიმართ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მონაწილე ამ დისკრედიტაციის კამპანიისა, ვხედავთ აროგანტულ პოზიციას, რომ ჩვენ უნდა გადავხიოთ საქართველოს კონსტიტუცია, დავივიწყოთ ჩვენ დამოუკიდებლობა, ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც არ აქვს უნარი თავად მართოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტენთან საუბრისას.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/03/2024 – უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე „ვეტინგზე“ სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება
- 13/03/2024 – არასამთავრობოები: ხელისუფლება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს
- 11/03/2024 – უზენაესი სასამართლო „ვეტინგის“ შესახებ ინიციატივას სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის საფრთხედ აფასებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)