skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის გაჭინაურებას გმობენ

დაახლოებით ოცი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის გადადებას 1 აპრილს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა „უსაფუძვლოდ და არაგონივრულად“ გაჭიანურდა. არასამთავრობოების თქმით,  სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ „პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 მარტს კიდევ ერთხელ გადადო ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი და მიზეზად სხდომაზე ბრალდებულის დაუსწრებლობა დაასახელა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა. შედეგად, 23 წლის გრიგორიადისი, რომელსაც 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემდეგ პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებასა და ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას ედავებიან, პატიმრობაში რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომის გადადება იმ მოტივით ახსნა, რომ ლაზარე გრიგორიადისს „არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი“, რის გამოც ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. ორგანიზაციების თქმით, გრიგორიადისს ჰქონდა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის უფლება, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. „აქედან გამომდინარე, მოსამართლემ უხეშად დაარღვია სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

„სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა  დაასახელა – მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა, მოსამართლემ სრულებით უგულვებელყო ეს მიზეზი“, – აღნიშნეს ორგანიზაციებმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე შეასრულებს დაპირებას და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები დასაწყისიდანვე დაირღვა და რომ „პოლიტიკური დაკვეთა კი მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის არის, რომ ლაზარე გრიგორიადისი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ნაწილში, ჩაისახოს შიში და მოლოდინი იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მეტისმეტად ძვირი დაუჯდეს“.

„ზემოთ აღწერილი საპროცესო დარღვევები, რომლებიც მსგავს პოლიტიკურად  მოტივირებულ საქმეებზე სისტემატურ ხასიათს ატარებს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმის აუცილებლობაში, რაც ევროკავშირმა გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ მთავარ პირობად დაგვიდგინა: სასამართლო სისტემაში  კეთილისინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემის შემოღების გარეშე ვერც სასამართლო სისტემა გაჯანსაღდება და, აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სიას ექნება დასასრული“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს თბილისში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს. იგი პოლიციისთვის ქვების და მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დააკავეს. 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის დაკავებას წინააღმდეგობა და მშვიდობიანი პროტესტი მოყვა, რადგან ის განიხილებოდა, როგორც სისტემის ანგარიშსწორება იმ ახალგაზრდებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რომლებიც მარტის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მისი ადვოკატები და უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ გრიგორიადისი უდანაშაულოა, თუმცა მმართველმა პარტიამ იგი, მისი გარეგნობის გამო, „სატანისტად“ და „ორიენტაციაარეულ“ ახალგაზრდად შერაცხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button