skip to content
ახალი ამბები

პაპუაშვილი ევროკავშირს აკრიტიკებს, პრეზიდენტსა და ოპოზიციას უტევს, არჩევნებსა და ჩინეთზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 13 ივნისს ბრიფინგი გამართა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ სიძულვილის კამპანიის ორკესტრირებაში და მათ წინააღმდეგ მუქარაში დაადანაშაულა. მან ევროკავშირის „შესაბამის სტრუქტურებს“ ამ საკითხის გამოძიებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და ის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების ნაკლებობის გამო გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია და მისი „პატრონები“, ასევე საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა, ასევე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ჩინეთზე ისაუბრა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები

„კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც საქართველოში, ისე საერთოდ, ევროკავშირს და ევროკომისიას, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პაპუაშვილის თქმით, ამ კამპანიებს კოორდინირებულად ახორციელებენ „რადიკალური“ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი ნაწილი დაფინანსებულია ევროკავშირის ბიუჯეტიდან, და ამ მხრივ მან განსაკუთრებით გამოყო ევროპის დემოკრატიის ფონდი.

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან „წაყრუება“ შეიძლება ამ ჯგუფების მხრიდან „წახალისებად“ იქნას აღქმული. „წახალისების“ თვალსაზრისით, მან ერთი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი [GRASS-იდან] „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მხარდაჭერის გამო აეროპორტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა სამოქალაქო საზოგადოება „რადიკალიზაციასა“ და „ძალადობაში“ დაადანაშაულა.

„წარმოიდგინეთ თქვენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაცია ბელგიაში, ბელგიელი მოქალაქეები რომ ურეკავდნენ ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მათ. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიაში რომ აქვეყნებდეს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პიირების ტელეფონის ნომრებს, მიდიოდეს მათ სახლებში, წარწერებს აკეთებდეს, ემუქრებოდეს მათი ოჯახის წევრებს…ენჯეო, აი ესეთი ენჯეო რომ იყოს ბელგიაში და ბრიუსელში ამას აკეთებდეს. წარმოგიდგენიათ თქვენ, რა რეაქცია იქნებოდა ამაზე, ამ ენჯეოს რა დაემართებოდა იქ და საქართველოს ხელისუფლების თუ სახელმწიფოს მიმართ რა რეაქცია ექნებოდათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ოპოზიცია, პრეზიდენტი

პრესკონფერენციაზე პაპუაშვილმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და მათი უცხოელი „პატრონები“ ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობაში დაადანაშაულა, რათა საქართველო კვლავ „მარიონეტ“ სახელმწიფოდ აქციონ.

მან პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც შეუტია და ის ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის,  კამპანიის წარმოებისა და მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო საქმეებში საქართველოს წარმომადგენლობის გამო კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 4 აპრილს მან და პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს წერილით, სადაც სთხოვეს ეროვნული ნაკრების წევრებისა და მწვრთნებისთვის ღირსების ორდენების მინიჭება. თუმცა, მისი თქმით, მათ პასუხი არ მიუღიათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს განცხადება უარყო და მას „დეზინფორმაცია“ უწოდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა. დაჯილდოების ცერემონია, რომელიც თავდაპირველად მაისში იყო დაგეგმილი, სექტემბრამდე გადაიდო, რადგანაც ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საქართველოში თავდაპირველად დათქმულ ვადაში არ იმყოფებოდა.

საპარლამენტო არჩევნები

კითხვაზე, მოხდება თუ არა დამკვირვებლების შეზღუდვა 2024 წლის არჩევნებზე, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „პირიქით“ და „რაც შეიძლება მეტ“ დამკვირვებელს, განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მოუწოდა, რომ ჩამოვიდნენ, რომ „ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი“. მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რეფერენდუმი იმის შესახებ, „გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო“.

ჩინეთი

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცია იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ის ჩინეთს თითქოსდა საქართველოს „მტრად“ მოიხსენიებს და განაცხადა, რომ ჩინეთს საქართველოსთვის „სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია“. პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოში უცხოური ფული ანტი-ჩინურ კამპანიაზე იხარჯება. ამ კონტექსტში მან ახსენა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, მისი თქმით, ტაივანიდან ფინანსდება.

ჩინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთს „მკაფიო პოზიცია“ აქვს ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, პაპუაშვილმა ჩინეთის უამრავი განცხადება მოიშველია.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქართველ დევნილებთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომლის მხარდაჭერისგან ჩინეთმა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, თავი შეიკავა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს რეზოლუცია არ ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა შეინარჩუნოს საკუთარი პოზიცია რეზოლუციის საკითხთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, პაპაუშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აქვს თავისი დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პლატფორმებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button