ახალი ამბები

აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი საქართველოს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 12 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, რამილ უსუბოვს შეხვდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უსუბოვი ასევე შეხვდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ წელს საქართველო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების განხილვის საშუალება გვქონდა“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ „ტვიტერზე“ შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ საქართველო რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების ერთგული რჩება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 მარტს ჩიქოვანსა და უსუბოვს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს.

ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანელ სტუმარს მადლობა გადაუხადა „ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ და იმედი გამოთქვა, რომ „პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button