skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო ხელისუფლებას მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდებს

14 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულების თაობაზე მთავრობის სამოქმედო გეგმა გააკრიტიკა, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, „იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 27 ნოემბერს განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა, რომელშიც მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული, რომელთაგან ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს, ხოლო მომდევნო ორი აქტივობა  საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებას აკეთებს.

ამ კონტექსტში, TI საქართველო ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს „მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება“ აქვთ ევროკომისიის რეკომენდაციების ერთი კომპონენტის მიმართ, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას“ და ხაზს უსვამს, რომ „ამ მოთხოვნების შეუსრულებლობამ შესაძლოა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკუთარი ხედვა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ევროკომისიის პირობებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების შეფასების, ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის ჩამოყალიბებას ეხება, რომელიც, მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძლიერი მხარდაჭერისა, ცოტა ხნის წინ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გააკრიტიკეს.

დანარჩენი რეკომენდაციებია:

  • სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შეფასება და სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროების გამოკვეთა;
  • სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც ევროკომისიის მიერ დანახულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს გაითვალისწინებს;
  • გადაწყვეტილების მიღების წესის შექმნა, რომლითაც საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების დაბალანსება,  კერძოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ორმაგი 2/3-ის პრინციპით იქნება შესაძლებელი;
  • საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციური კანონის მიღების დასრულება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა)  კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button