skip to content
ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება

20 თებერვალს,  ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავმჯდომარეობდა, საქართველოს დელეგაციას კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი. მონაწილეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.

კანდიდატის სტატუსი, ცხრა პირობა

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და განაცხადა, რომ  ამ გადაწყვეტილებამ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა“.

ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების სამოქმედო გეგმა და „წაახალისა საქართველო, შემდგომი პროგრესი განახორციელოს რეფორმების მიმართულებით“.

საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას „არსებითი და შეუქცევადი რეფორმების განხორციელების გზით, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნება მომზადებული და გატარებული“. „საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

რეფორმები, პოლიტიკური პოლარიზაცია

ასოცირების საბჭოს აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში. ასევე აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც, პრეს-რელიზის თანახმად, მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. 

ამავდროულად, საუბარი შეეზო შიდა პოლიტიკური პოლარიზაციით გამოწვეულ პრობლემებს. „ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას“, – ნათქვამია პრეს-რელიზში. ამ კონტექსტში, ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.

დეზინფორმაცია

პრეს-რელიზის თანახმად, საბჭომ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციის, ანტი-ევროპული რიტორიკისა და გარე ძალების მიერ საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.   

სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, საარჩევნო სისტემა

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, მათ შორის სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის „სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა“, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა დაცვა

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ სამუშაოს, რა დროსაც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და სახალხო დამცველის დანიშვნის მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს გაგრძელების და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გაძლიერებული პატივისცემის, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლების გარანტირების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

დეოლიგარქიზაცია

ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეული მუშაობა და ხაზი გაუსვა „არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას, მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის საფუძველზე“. ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის კონტექსტში.

ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა

ასოცირების საბჭომ „ძლიერი მოლოდინი გამოხატა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან მიერთების მაჩვენებელს“ და საქართველოს სრული მიერთების მიმართულებით პროგრესისკენ მოუწოდა.

პრეს-რელიზის თანახმად, ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს პროაქტიულ ჩართულობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების პრევენციის მიმართულებით“. ამასთან, ევროკავშირმა მზადყოფნა გამოხატა,  გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომის შედეგად წარმოქმნილ  საფრთხეებთან გასამკლავებლად და გააძლიეროს მისი მედეგობა კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მეშვეობით, ასევე მშვიდობის ხელშეწყობის ევროპული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის გზით.

ოკუპაცია

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მოგვარებას და საქართველოში ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. მხარეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ.

ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები.

ეკონომიკა

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც „შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა“. ევროკავშირმა საქართველოს ეროვნული ბანკიც ახსენა და მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის.

საბჭომ ასევე იმსჯელა ევროკავშირი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე, საქართველოს პერსპექტიბაზე, რომ შეუერთდეს ევროკავშირის ევროს ერთიანი გადახდის სივრცეს და როუმინგის ერთიან სივრცეს, საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებსა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button