ახალი ამბები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი განცხადება

6 სექტემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ცნობად მიიღეს ის პროგრესი, რომელიც ასოცირების საბჭოს 2021 წელს ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული. ეს პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს და რიგი რეფორმები განსაზღვრეს, რომლოებიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა განახორციელოს. ასოცირების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამას გარდა, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში.

ამ კუთხით, მან ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და რომ ევროკავშირი მზადაა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს მის მხარდასაჭერად.

იგი ასევე მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წლების ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.

საბჭომ აღიარა, რომ საქართველომ რიგი რთული რეფორმები გაატარა, თუმცა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი წუხილები“ გააჩნია რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. მან მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

მან მოუწოდა საქართველოს ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმების სტრატეგია, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საჭიროა 2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. 5 ივილისს ულრტამემარჯვენე ჯგუფების თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 50 ჟურნალისტი დაშავდა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ გაშუქებას ცდილობდნენ.

ოკუპირებული რეგიონები

ასოცირების საბჭომ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების „კრიტიკულ მნიშვნელობას“.

მან დაგმო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე.

ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებები.

საბჭომ „უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში“. ამ თვალსაზრისით, საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად, ასევე იმუშავოს ევროკავშირთან ქვეყნის საერთო მედეგობის გასაძლიერებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button