ჯოზეფ ბორელი საქართველოს: რეფორმების განხორციელების ტემპი უნდა გაზარდოთ
20 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის დელეგაციამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით. ეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განცხადებები გააკეთეს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიესალმა კობახიძის ვიზიტს ბრიუსელში და განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, „ჩვენ შევდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჭიროებს „ახალ ძალისხმევას და ზრდის მთავრობის, ოპოზიციისა და ყველა მოთამაშის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობას“. ბორელის თქმით, „დღევანდელი დისკუსია ხაზს უსვამს ჩვენ მიერ ნაკისრ საერთო ვალდებულებას შეუქცევადი წინსვლის მისაღწევად საქართველოს ევროპულ გზაზე“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოსთვის სამი გზავნილი გააჟღერა:
- „რეფორმების განხორციელების ტემპი უნდა გაზარდოთ“. ბორელმა ევროკომისიის 9 ნაბიჯის განხორციელების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ამ პროცესში ჩართული. „საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად“.
- „ევროკავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული გაერთიანება“. ბორელის თქმით, ეს ღირებულებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან „ძალიან რთულ და, თუნდაც, საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება“. მისი თქმით, ევროკავშირი მოელის, რომ „კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა“. უმაღლესმა წარმომადგენელმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „ყველა ძალისხმევა მიმართოთ ინფორმაციით მანიპულირებისა და უცხო ძალის ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“ და დასძინა, რომ ამგვარ ჩარევას უფრო დიდი მასშტაბი ექნება საპარლამენტო არჩევნების დროსაც.
- „წელს გიწევთ მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება ქართული დემოკრატიის ნაწილში“. საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებზე საუბრისას, ბორელმა მოუწოდა საქართველოს ბოლომდე მიიყვანოს საქმე მომდევნო არჩევნებამდე, რათა „ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია იქნეს შესრულებული თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად“.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სრულად ერთგული ვრჩებით თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის იდეისადმი“. მან განაცხადა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაძლიერდა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ბოლოს, უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოში მისი ბოლო ვიზიტი გაიხსენა და საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. მან პრემიერ-მინისტრს მიმართა: „თქვენ გაკისრიათ პასუხისმგებლობა დაუკმაყოფილოთ ეს მოლოდინი [ქართველ ხალხს]. ჩვენი მხრივ, ევროკავშირსაც გვაკისრია ვალდებულება, თქვენთან ერთად გამოვიყენოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა და გავაძლიეროთ ძალისხმევა ევროკავშირში საქართველოს გასაწევრიანებლად“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
თავისი სიტყვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე „კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ისტორიულ მიღწევას, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გულისხმობს“. მისი თქმით, მზარდი სტრატეგიული ურთიერთობა ევროკავშირთან დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და „იმ ნაკისრი ვალდებულებისთვის, რომელიც ევროპულ თანამეგობრობაში ევროპულ დემოკრატიებთან გაწევრიანებას, საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მიღებას გულისხმობს“.
კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულებას გულისხმობს, ასევე საქართველოს ეკონომიკასა და მის მედეგობაზე პოსტ-პანდემიურ პერიოდში, და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
მან მადლიერება გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამან „უკვე მოიტანა სარგებელი“. მისი თქმით, შეხვედრაზე ევროკავშირის და ქართული მხარეები შეთანხმდნენ „დააჩქარონ მუშაობა“. მან ამ კუთხით რამდენიმე კონკრეტული მიმართულება გამოყო.
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე საუბრისას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ გაფართოების მიმართულებით „საქართველომ არა მხოლოდ შეძლო, არამედ უნდოდა შეესრულებინა განსაზღვრული პირობები“. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ საქართველოს სთხოვეს, დააჩქაროს მუშაობა „სასამართლო რეფორმის და დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა სხვა მიმართულებით“.
რაც შეეხება ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა 1.9 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო საქართველოში კაპიტალდაბანდებებისთვის. „ეს ინვესტიციები უშუალოდ მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფინანსებზე წვდომა, მცირე და საშუალო საწარმოები, გარემოს დაცვა და თუნდაც ადამიანის განვითარება“.
ვარჰეიმ შავი ზღვის ელექტროენერგიისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და მას „მასშტაბური საეტაპო პროექტი“ უწოდა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სატრანსპორტო კავშირებს, რომელთა ფარგლებში „ახალი სავაჭრო მარშრუტები დიდ მნიშვნელობას ატარებს“. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სრული პოტენციალი გააჩნია იმისა, რომ გახდეს ახალი სავაჭრო მარშრუტის ცენტრი, თუმცა ამისათვის შავი ზღვა უნდა იქცეს ევროპისკენ მიმავალ შემდეგ დერეფნად. ამისათვის დაგვჭირდება საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“.
ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა ორ სფეროზე, სადაც პროგრესი იქნა მიღწეული. ესენია როუმინგი და ერთიანი საანგარიშსწორებო სისტემა. „ყველაფერი გვაქვს ხელთ იმისათვის, რომ ევროპულ საბჭოს მივმართოთ შეთავაზებით, რათა საქართველო უსწრაფესად მოხვდეს ევროპის როუმინგის სივრცეში. ამით მნიშვნელოვნად შემცირდება როუმინგის და მონაცემთა გაცვლის ხარჯები საქართველოში, მოგზაური ქართველებისთვის, ევროპაში მცხოვრები და მომუშავე ქართველებისთვის. მიმაჩნია, რომ ესეც მასშტაბური და საეტაპო ცვლილება იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის. ეს ისეთივე ხელშესახები შედეგია, რაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი“.
რაც შეეხება ევროპის ერთიან საანგარიშსწორებო სივრცეს, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ევროკავშირი ღიაა და „როგორც კი მზად იქნება საქართველო საკანონმდებლო თავსებადობით და ჩვენი წესების აღსრულების უნარით ქვეყნის საბანკო სისტემაში, ჩვენც უსწრაფესად უზრუნველვყოფთ ქვეყნის ინტეგრაციას ევროპის ერთიან საანგარიშსწორებო სივრცეში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/02/2024 – პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)