ეროვნული ბანკი რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნას ამსუბუქებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეებისთვის მოთხოვნები შეამსუბუქა და მათი დეპოზიტების წილი უცხოურ ვალუტაში, რომელთა მყისიერი გადინება შეუძლებელია, 80%-დან 40%-მდე შეამცირა.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებამდე, ქართული ბანკები ვალდებულნი იყვნენ რუსული დეპოზიტების არანაკლებ 80% განეთავსებინათ ლიკვიდურ აქტივებში და შეეძლოთ დეპოზიტების არაუმეტეს 20 პროცენტი გადაენაწილებინათ სხვა აქტივებზე, რაც ბანკს რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტებით სხვა საკრედიტო საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობებს უზღუდავდა.
გასული წის მაისში საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების ჭარბი ზრდიდან მომდინარე რისკების შერბილების მიზნით, სებ-მა ლიკვიდობის მოთხოვნა (გადინების განაკვეთი) 80%-მდე გაზარდა. მაშინ სებ-მა რუსების მიერ დეპოზიტების ადგილობრივ ბანკებში შენახვის ვადის შესახებ გაურკვევლობა დაასახელა. მაგრამ ახლა, როგორც ბანკი აცხადებს, გაირკვა, რომ რუსეთის მოქალაქეები არ ჩქარობენ დეპოზიტების გატანას, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ემიგრანტები, რომლებიც უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად გადმოვიდნენ, რუსეთის ფედერაციაში ბრუნდებიან ან საქართველოდან სხვა ქვეყნებში გადადიან.
2024 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ჯამური მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია. ამგვარად, ბანკები უფრო თავისუფლად შეძლებენ რუსების დეპოზიტებიდან დამატებით 1.4 მილიარდი ლარის განკარგვას.
სებ-ის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები მთლიანი დეპოზიტების 7%-ს, ანუ 3,5 მილიარდ ლარს შეადგენს. უცხოელები ქართულ ბანკებში სულ 7.6 მილიარდ ლარს ფლობენ.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბანკებს ეძლევათ რეკომენდაცია, აწარმოონ არარეზიდენტების ანაბრების კომპოზიციის რეგულარული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შეარბილონ რისკები ლიკვიდობის ადეკვატური შიდა ბუფერით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)