skip to content
ახალი ამბები

სუსი: უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობების გატანა იგეგმებოდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 5 თებერვალს განაცხადა, რომ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მან რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსმა ბაჩა მგელაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული  ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ელექტრო მანქანისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აკუმულატორი, რომლებიც  გამოყენებული იყო კონტეინერებად. ორივე  მათგანში ჯამში განთავსებული იყო ექვსი ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც ექსპერტიზისათვის გადაიგზავნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. სუს-ის ინფორმაციით, შსს-მ დაადგინა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერებას C-4 შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. კონტეინერებში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები.

„ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე“, – განაცხადა მგელაძემ. „ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს“.

რა არის ცნობილი ამ ეტაპზე

სუსი აცხადებს, რომ  ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის „დარიალი“ მეშვეობით.

ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული, ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან. ხოლო მეორე კონტეინერი – სამი ასაფეთქებელი მოწყობილობით, თბილისში კონკრეტულ მისამართზე დატოვეს.

სუს-ის თქმით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2  მოქალაქე. სუს-მა განაცხადა, რომ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა.

სუს-ის თქმით,  მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების, სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების, გადაადგილების მარშრუტის, საბოლოო დანიშნულების ადგილის დადგენის, თავდასხმის ობიექტების იდენტიფიცირების და სამხილების მოპოვების მიზნით.

სუს-მა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ იცის, რისთვის იყო განკუთვნილი თბილისში დატოვებული კონტეინერი. „თუმცა, აღიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“, – განაცხადა მგელაძემ.

გამოძიების მსვლელობა

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. თუმცა, სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში შესაძლოა დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება ასევე 323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს და ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button