skip to content
ახალი ამბები

სუსი ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ ცრუ შეტყობინებებს იძიებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 21 იანვარს მან მიიღო შეტყობინებები ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ. თუმცა, სუსის კონტრტერორისტული დანაყოფებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად „ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“.  

სუსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც „მიზანმიმართულად მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი“.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებს“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

სუსი ასევე აცნობებს საზოგადოებას, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებულ იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომელშიც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

„ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ კონკრეტულ პირთა წრე“, – დასძენს სუსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button