ახალი ამბები

ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე სასჯელი მკაცრდება

ბოლო დროს ბომბის არსებობის თაობაზე გახშირებული ცრუ შეტყობინებების გამო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ქმედებაზე სასჯელის გამკაცრების თაობაზე, რითაც ეს დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიიდან მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადავა.

დეპუტატების მიერ 18 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსში პირველი მოსმენით ერთხმად მიღებული ცვლილებების მიხედვით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე საპატიმრო სასჯელი 2-დან 5 წლამდე განისაზღვრება, ამჟამად გათვალისწინებული 3-წლიანი პატიმრობის ნაცვლად; ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ ჯგუფის მიერ ან არაერთგზის ჩადენილი ეს ქმედება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია 5-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება, 3-დან 5-წლამდე ამჟამად არსებული ვადის ნაცვლად.

გარდა ამისა, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც სხვადასხვა შემთხვევებისთვის ითვალისწინებს იმ პირების 300-დან 1000 ლარამდე ფარგლებში დაჯარიმებას, რომლებიც შსს-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ცრუ ან არამიზნობრივ რეგულარულ შეტყობინებებს განახორციელებენ. ეს ადმინისტრაციული სანქცია არ გავრცელდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ავტორებზე, ვინაიდან ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ცვლილებების ინიციატორია დეპუტატი ქართული ოცნებიდან თამაზ ავდალიანი და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აცხადებდა, რომ მსგავსი ინიციატივით აპირებდა მიემართა პარლამენტისთვის გახშირებული ცრუ განგაშების გამო.

12 სექტემბრიდან დღემდე ბომბის არსებობის თაობაზე 15 ცრუ განგაში გამოცხადდა. უმეტეს შემთხვევაში ცრუ შეტყობინებების სამიზნეები იყვნენ ტელეკომპანიები, ასევე პარლამენტი, ბანკები და ერთ შემთხვევაში სკოლაც. ყველა ამ ზარის ავტორი შსს-მ მალევე გამოავლინა, უმეტესობა არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button