თბილისმა და სოხუმმა ენგურჰესზე იმსჯელეს
23 დეკემბერს სოხუმის „ნუჟნაია გაზეტა“ (Нужная Газета) იტყობინებოდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრმა“ ქრისტინა ოზგანმა ენგურჰესის ქართულ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა. გაზეთის ცნობით, სოხუმმა დამატებითი ელექტროენერგია ითხოვა. ზუგდიდში ოზგანის ჩასვლის შესახებ რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „სპუტნიკმაც“ გაავრცელა ინფორმაცია.
რას ეხებოდა შეხვედრა?
26 დეკემბერს „სპუტნიკი აფხაზეთი“ იტყობინებოდა ოზგანის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ენგურჰესის ფუნქციონირების შესახებ კონსულტაციები „ხშირად იმართება“. ოზგანის თქმით, განხილული იქნა 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის მოხმარების მოსალოდნელი მოცულობები და ჰესის ფუნქციონირების სხვა ტექნიკური საკითხები. ოზგანმა ასევე განაცხადა, რომ სოხუმმა გალის რაიონში მდებარე ვარდნილჰესის კასკადის ამოქმედების სურვილი გამოთქვა. მაგრამ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, რომ თბილისი ასეთ ინვესტიციას „არამომგებიანად“ მიიჩნევს.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ოზგანის ზუგდიდში ჩასვლის შესახებ კომენტარისგან თავი შეიკავა. გენერალურმა დირექტორმა მებონიამ „სამოქალაქო საქართველოს“ კითხვებს არ უპასუხა.
აფხაზეთი ენერგოკრიზისის წინაშე
აფხაზეთის ენერგეტიკული პრობლემები ღრმად ფესვგადგმული და კომპლექსურია, თუმცა ელექტროენერგიის წარმოება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის თანამშრომლობის იშვიათი სფეროა. ენგურის კაშხალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ტურბინები ოკუპირებულ გალის რაიონში. თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.
მაშინ, როცა დანარჩენ საქართველოში ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის წილი კლებულობს, აფხაზეთი თითქმის მთლიანად მასზეა დამოკიდებული, როგორც მებონიამ აღნიშნა. ოკუპირებული რეგიონი ჰესზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ ზამთარში განათება ჰქონდეს.
ბოლო წლებში აფხაზეთის მოხმარებამ 1997 წლის კვოტას გადააჭარბა. 2019 წელს, მაგალითად, აფხაზეთში მომხმარებლებმა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 48% გამოიყენეს. როდესაც ენგურჰესი ვერ აწვდიდა ელექტროენერგიას საკმარისი რაოდენობით წარმოების სეზონური ვარდნის ან სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დეფიციტს რუსეთი ფარავდა. ასე მოხდა, მაგალითად, 2020 წლის დეკემბერში. თუმცა, ეს მიწოდებაც არასაკმარისია – როდესაც ენგურჰესი გამორთული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სოხუმს გრაფიკის შემოღება მოუწია ელექტროენერგიის სრული გათიშვის თავიდან ასაცილებლად.
სოხუმისთვის კრიტიკული პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ელექტროენერგიის საფასურს ითხოვს მაშინ, როცა ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგია უფასოა. ვინაიდან ცალკეული მომხმარებლები არ იხდიან ელექტროენერგიის საფასურს (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იყენებენ უფასო ელექტროენერგიას „ბიტკოინის გამომუშავებისთვის“, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხშირი პრაქტიკაა), სახსრების მობილიზება სულ უფრო პრობლემური ხდება. 2023 წლის 15 ნოემბერს ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში „ენერგეტიკის სექტორში რთული ვითარებაა“. მისი თქმით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი შეექმნა. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ელექტროენერგია არის საქონელი, რომლისთვისაც უნდა გადავიხადოთ. პრობლემის უსასრულოდ გადაჭრა მხოლოდ რუსეთის მხრიდან სოციალური დახმარების ხარჯზე არ გამოვა“, – აღნიშნა მან.
მედია იტყობინებოდა 24 დეკემბერს, რომ სოხუმმა 700 მლნ რუბლი გადაიხადა რუსულ ელექტროენერგიაში და ამით მხოლოდ წლის ბოლომდე დაიფარა ხარჯები.
ენგურჰესი – პოლიტიკური ბერკეტი?
რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ენგურჰესის საკითხი საზოგადოებრივი დღის წესრიგში დააყენა. მან ენგურის კაშხლის მახლობლად ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ენგურის კაშხალი არის ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ზეწოლა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებაზე. მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლების მიერ ენგურჰესიდან ოკუპირებული რეგიონისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობამ 80%-ს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით ბოკერია საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაზე მიუთითებს და თბილისს საოკუპაციო რეჟიმის დაფინანსებაში ადანაშაულებს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის ადგილზე ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ენგურჰესი მათთვის მთლიანად დაიკეტება და დასძინა, რომ თბილისი მხოლოდ ენგურჰესზე არ არის დამოკიდებული და ელექტროენერგიის სხვა წყაროებიც აქვს.
ოზგანის ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ, ბოკერიამ კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის, რა დროსაც აღნიშნა, რომ ენგურჰესი თბილისმა პოლიტიკურ ბერკეტად უნდა გამოიყენოს საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლისთვის. „ჩვენი მიზანი ის კი არ არის, გავთიშოთ ენგურჰესი, ჩვენი მიზანია, რომ მტერმა დაინახოს, შეგვიძლია მისი გათიშვა, თუ გარკვეულ დათმობებზე არ წავლენ“, – განაცხადა ბოკერიამ და საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ან უკანონოდ დაკავებული ეთნიკური ქართველების, მათ შორის ირაკლი ბებუას და გიგა ოთხოზორიას შემთხვევები გაიხსენა. მან ხელისუფლება საქართველოს ინტერესების დაუცველობისა და მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოუყენებლობის გამოც გააკრიტიკა.
ვარდნილჰესის კასკადი
ვარდნილჰესის კასკადი სოხუმს ენერგოპრობლემის ნაწილობრივ მოგვარებაში მაინც დაეხმარებოდა. ოთხი ჰესიდან მხოლოდ ჰესი-I მუშაობს დადგმული სიმძლავრით 220 მეგავატი. 2021 წელს მებონიამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა, რომ დარჩენილი სამი საქართველოს ბალანსზეა და მათი აღდგენა იგეგმება. მაგრამ ახლა ის ამბობს, რომ მათი აღდგენა წამგებიანი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)