სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო ძალების მიერ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლომ რუსეთს სამი თვის ვადაში მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9,265.15 ევროს გადახდა დააკისრა.
საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობამ განაცხადა: „რუსული ძალები აფხაზეთში განლაგებულნი იყვნენ, რათა შეეკავებინათ და საჭიროების შემთხვევაში მოეგერიათ ქართული აგრესია; ისინი იქ არ ყოფილან, რათა პოლიციის უფლებამოსილება განეხორციელებინათ მოსახლეობაზე ან ზოგადად…. მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს შუამავლის რანგში უწევდა, საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის მოგვარების მცდელობა იყო“.
განმცხადებლები, რომლებიც გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები არიან, ამტკიცებდნენ, რომ მათი ნათესავის მკვლელობა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდა. კერძოდ, ისინი აცხადებდნენ, რომ „სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის გამო, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უწევდა – რუსეთს ჰქონდა იურისდიქცია აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებზე“. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილება ახსენა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) საქმეზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს დიდმა პალატამ საბოლოოდ დაადგინა, რომ რუსეთი აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECHR) დაეთანხმა განმცხადებლების პოზიციას და აღნიშნა, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა კონვენციის 38-ე მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც საქმის განხილვას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების შესახებ მე-2 მუხლის როგორც არსებითი, ისე პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/10/2022 – ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ 3 პირს პატიმრობა მიუსაჯეს
- 19/05/2022 – გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ექვსი წელი გავიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)