თავდაცვის მინისტრი: ორ წელიწადში „სრულად გვექნება დაცული“ თბილისის ცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 17 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ვრცელ ინტერვიუში პირობა დადო, რომ ორ წელიწადში „სრულად გვექნება დაცული“ თბილისის ცა, მათ შორის სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები და სამხედრო ბაზები. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
თითქმის 20-წუთიანი ინტერვიუს დროს ბურჭულაძემ ისაუბრა სამინისტროს პროგრესზე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ჩართულობას, ინსტიტუციურ რეფორმებს და გაძლიერებულ შესაძლებლობებს.
მისი თქმით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, მთავრობამ მოახერხა საქართველოს სტაბილურად განვითარება, მშვიდობის შენარჩუნებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთდაერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი“.
საერთაშორისო ჩართულობაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ შარშან ქვეყანამ 27 სამხედრო სწავლებას უმასპინძლა, ხოლო საზღვარგარეთ 40 წვრთნაში მიიღო მონაწილეობა, ნატოს და ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩათვლით. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციასაც უმასპინძლა და დასძინა, რომ პარტნიორებთან საერთაშორისო ჩართულობა მათთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელია.
- 09/11/2023 – ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს სტუმრობს
- 07/10/2021 – ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ინსტიტუციური განვითარების კონტექსტში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაწვევის თავიდან აცილების მიზნით არსებული სამართლებრივი ხვრელების აღმოფხვრისა და სარეზერვო ძალების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სამართლებრივი ხვრელები აღმოფხვრილია თავდაცვის კოდექსში, ხოლო „ნებაყოფლობითი“ გაწვევის ინიციატივები და სამხედრო სამსახურში გაუმჯობესებული პირობები მიზნად ისახავს წვევამდელების ნებაყოფლობით მოზიდვას. მინისტრის თქმით, საბოლოო მიზანი ქვეყანაში 10 წელიწადში 100 000-კაციანი რეზერვის შეიქმნაა.
- 21/09/2023 – პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მიიღო
ადგილობრივი სამხედრო წარმოების შესახებ საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ „გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები, რომელიც უკვე იწარმოება საქართველოში“. მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა საქართველოში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო გამოცდა წარმატებით განახორციელა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ 10 წლის თავდაცვის მიზნები შეასრულა და ჰაერსაწინააღმდეგიო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები შეიძინა, მათ შორის „უპრეცედენტო დახმარების“ გზით.
საქართველოს სამხედრო ინფრასქტრუქტურაზე საუბრისას, ბუჭულაძემ განაცხადა: „ნატოს წევრი ქვეყნების ბაზებზე ხშირად დავდივართ და მე სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენნაირი უნიფორმა, ჩვენნაირი განვითარებული ინფრასტრუქტურა, ის კვება, რასაც ჩვენი ჯარისკაცები იღებენ, მე არ მინახავს. ჩვენ დავიწყეთ ნოლიდან, შემიძლია ვთქვა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/11/2023 – ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო
- 19/07/2023 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
- 12/05/2023 – თავდაცვის მინისტრი: ლიბერალიზმი პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტისთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)