ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს სტუმრობს
ნატოს სამხედრო კომიტეტი, მისი თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის მეთაურობით 8-9 ნოემბერს საქართველოს სტუმრობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადმირალი ბაუერი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემას ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები წარმოადგენდა.
„ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა საქართველოსა და მის გარშემო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განმეხილა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონზე, საქართველოს მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმდინარე რეფორმების განხორციელებასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობაზე“, – დაწერა ადმირალმა ბაუერმა Twitter-ზე.
I sat down with ?? Minister of Defence Juansher Burchuladze to discuss:
— Admiral Rob Bauer (@CMC_NATO) November 8, 2023
➡️ regional security issues in & around ??, with a special focus on the #BlackSea region;
➡️ the ongoing implementation of ??’s security & defence reforms;
➡️ #NATO–#Georgia practical cooperation. pic.twitter.com/Qbz5fxbHfv
საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნობიან და სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომას გამართავენ.
მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრამდე ადმირალმა ბაუერმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/10/2022 – საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
- 07/10/2021 – ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
- 30/04/2021 – ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თბილისს ესტუმრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)