
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „ქართული ოცნების“ ნარატივთან დაკავშირებით თავის არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რაღაც ეტაპზე „არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ამ ომში [რუსეთსა და უკრაინას შორის] ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, ანუ მერე ყველანაირი მოქმედება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა არაფერში არ ჯდება“.
რუხაძემ 23 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც კობახიძემ თავისი ქმედებები განმარტა. რუხაძის თქმით, მან კობახიძეს უთხრა, რომ „ეს არის ურთულესი ისტორია“, რომლის დაჯერებაც „ბევრს“ უჭირს. მან ასევე უთხრა კობახიძეს: „ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ყველანი გეთანხმებით“. რუხაძემ ასევე განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ როდესაც ამ ისტორიას ყვებით, ეს პირველი ნაწილი [ომის შესახებ] უნდა იყოს ძალიან კარგად ახსნილი“.
ბიზნესმენმა პირადად კობახიძეც გააკრიტიკა და განაცხადა: „ამ სიტუაციაში, როდესაც ასეთი რთული სამუშაო აქვს, განსაკუთრებით ფხიზლად უნდა იყოს. მაგალითად, არ უნდა გააკეთო ისეთი განცხადება, როგორიც გაკეთდა 28 ნოემბერს [ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ], რომლის შეცვლა და ახსნა გიწევს“.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის კომენტირებისას რუხაძემ განაცხადა, რომ „შესაძლებელია უკეთესი აერჩიათ, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად იმუშავებდა“.
ირაკლი რუხაძე ბრიტანეთში რეგისტრირებული Hunnewell Partners-ის პარტიორი დამფუძნებელია. ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე მსხვილ აქტივს მართავს, მათ შორისაა ტელეკომპანია „იმედი“, ლიბერთი ბანკი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რუსთავი ფოლადი და მაგთიკომი. რუხაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დიდი ხნის პარტნიორი და მხარდამჭერია. ლიბერთი ბანკში მისი გვერდის მიხედვით, სადაც ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ამჟამად რუხაძე აშშ-ის მოქალაქეა.
რუხაძის მოულოდენელ გამოჩენას წინ უძღოდა საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების რეჟიმის გამკაცრება. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ლეიბორისტების წარმომადგენელმა ბლერ მაკ დუგალმა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელობის გამო, Hunnewell Partners-ში გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა, ვინაიდან ეს ტელეკომპანია „სასტიკი [ქართული ოცნების] ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული იარაღია“.
„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა თამარ ჯაყელმა ცოტა ხნის წინ რუხაძის ქალიშვილზე დაწერა, რომელიც ის აშშ-ის მოქალაქეა და თავისივე სქესის ადამიანთან იმყოფება ქორწინებაში. ჯაყელი წერდა: „კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა. „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტონ, იმ იდენტობის გამო, რაც მათ არ აურჩევიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ ასე“. მისივე თქმით, „ირაკლი რუხაძეს შეეძლო ნათელ მხარეს ყოფნა. შეეძლო ამაყი მამა ყოფილიყო და ეთქვა, რომ დიახ, მისი შვილი ლესბოსელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია… მაგრამ სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია შვილის მხარეს დგომას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)