ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია ადმირალ რობ ბაუერის ხელმძღვანელობით 7-8 ოქტომბერს თბილისს სტუმრობს. ადმირალმა ბაუერმა განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ქვეყნისადმი უწყვეტი მხარდაჭერის ნიშანია. 

დელეგაცია ადმირალ ბაუერის ხელმძღვანელობით უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვიზიტი საქართველოს ნატოში მისწრაფებებისადმი ალიანსის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროგრესი და მოკავშირეებთან ერთად ჩვენი აქტიური ჩართულობა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა.  

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია და ქართული მხარე ერთობლივ პლენარულ სხდომას უმასპინძლებენ, სადაც მხარეები რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.  

ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ასევე შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. დელეგაცია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც მოინახულებს.

ეს ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციის მეოთხე ვიზიტია საქართველოში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button