skip to content
ახალი ამბები

ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 22 ნოემბერს ანკარაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს (SEDM) დაესწრო, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მინისტერიალის მონაწილეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა SEDM-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიზნით განხორციელებულ თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესზე.

საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა მოწოდებულია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ რეგიონის ფარგლებს გარეთ ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა ნატო, გაერო და ეუთო. სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველომ 2017 წელს ბათუმში უმასპინძლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button