ახალი ამბები

ანტისაოკუპაციო მოძრაობა სავარაუდო „ოკუპაციის ახალი გეგმის“ თაობაზე შეშფოთებას გამოხატავს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციის მიზნით „ოკუპაციის ახალ გეგმას“ ამზადებენ. ქაცარავას თქმით, მისი მოძრაობა, რომელიც საოკუპაციო ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას, 2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამ საკითხზე.

„ოკუპაციის ახალი გეგმა გულისხმობს დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ეს გახლავთ ის ტერიტორია, რომელიც არ შედის 2008 წლის ომის შედეგებში“, – წერს ქაცარავა. მისი თქმით, „ოკუპაციის ახალი გეგმა“ მოიცავს ზემო რაჭას,ზემო იმერეთს, შიდა ქართლს და მცხეთა-მთიანეთს.

„ამ პოსტში წარმოგიდგენთ ოკუპანტების მიერ ხურვალეთის ნაწილის “მოხაზულ” ტერიტორიას, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ საოკუპაციო რეჟიმის, 2021 წლის ნოემბერში ჩატარებული პრეზენტაციიდან“, – აცხადებს ქაცარავა. ფოტოებზე სოფელი ხურვალეთი ნაჩვენებია, როგორც მთლიანად ოკუპირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. ამჟამად, სოფელ ხურვალეთის ნაწილი ოკუპირებული, თუმცა მეორე ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

ქაცარავას თქმით, 29 ნოემბერს, საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპაციის ხაზიდან 180 მეტრში წვრთნები ჩაატარეს. „ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული წვრთნები უკავშირდება ოკუპაციის ახალ გეგმას, რომლის განხორციელების გარკვეული ეტაპები უკვე  დაწყებულია“, – აცხადებს ქაცარავა და თან ურთავს ამ ინფორმაციის დამადასტურებელ ვიდეოს.

„სამოქალაქო საქართველომ“ კომენტარისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეოში ნაჩვენები შეიარაღებული ფორმიანები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გადაადგილდებიან. უწყების ცნობით,  ამ საკითხს ერგნეთისა და ჟენევის ფორმატის შეხვედრების დროს დააყენებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button