skip to content
ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახური სოფელ მლეთის მახლობლად რუსი სამხედროების გამოჩენას ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაუდასტურა ინფორმაცია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ მლეთის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაადგილების თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სიახლეს არ წარმოადგენს.

ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაადგილების თაობაზე 25 ოქტომბერს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზემო მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ.

საბედაშვილმა განაცხადა, რომ ეს „სამწუხარო ინციდენტია“. „[რუსეთის] საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ, პერმანენტულად ახორციელებენ უკანონო პატრულირებას 2009 წლიდან“, – განმარტა მან და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გამოჩენა საოკუპაციო ხაზზე ეს არის განსაკუთრებული შეშფოთების საგანი“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოვლენები სწორად უნდა იქნას შეფასებული, რადგან „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქოს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების დაშინება და პანიკის დათესვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება განსაკუთრებით ახალი აქტივობები“.

საბედაშვილის თქმით, საქართველო მსგავს საკითხებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში აყენებს. „ეს არის მუდმივი ბრძოლის საგანი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახური „მუდმივად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მათთან, რომ ამ ტერიტორიებზე არ მოხდეს მოქალაქეების დაკავება, ან უკანონოდ დაკავებულები მალევე გათავისუფლდნენ“.

„სამწუხარო ინციდენტია, მაგრამ ეს არის 2008 წელს დამდგარი ოკუპაციის შედეგი“, – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ საბედაშვილის სიტყვები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის როგორც სიახლის გავრცელება „მავნებლობაა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ფიჩორის მახლობლად, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის კომენტირებისას, საბედაშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, უკანონო აქტივობები, მათ შორის სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, ჩვენ ამას არც ვმალავთ, ან აქ დასამალი რა არის“. მისი თქმით, „ეს ყველაფერი 2011 წელს რომ დაასრულეს, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამის მერე დაუწყო ეტაპობრივად, მცირე მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის აშენება, და დღეს ისეა წარმოჩენილი, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დუმს და აქ აშენებენ რაღაც დიდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button