ახალი ამბები

რუსეთს სურს, რომ თბილისმა „ახალი გამწვავებების“ თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო ხაზის „დელიმიტაციის“ პროცესი დაიწყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა 14 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ოფიციალურ თბილისთან „უფრო ენერგიული მუშაობისკენ“ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული „ახალი გამწვავებები“  ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გალუზინმა ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრა დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდის მოსამზადებლად გაიმართა.  

რუსი დიპლომატის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიდამოებში მდებარე სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა. იმავე ინციდენტის დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს, თუმცა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობას „ადგილზე უსაფრთხოების გასაძლიერებლად“. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროა „აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების და მათი შემდგომი დემარკაცია“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად ამოქმედდა. თუმცა, რუსეთი, რომელმაც 2008 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, ამტკიცებს, რომ ის არის შუამავალი მოლაპარაკებების პროცესში და არა კონფლიქტის მხარე და სურს, რომ თბილისმა საოკუპაციო ხაზების ლეგიტიმაცია მოახდინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button