
ევროპარლამენტმა მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და კიდევ ერთი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. რეზოლუციას მხარი 495 ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
პარლამენტმა „კატეგორიულად დაგმო“ ინციდენტი და „ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიება“ მოითხოვა. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი „კატეგორიულად გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას“.
ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პარლამენტი „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე“.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროპულ საბჭოს „მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“.
გამოხმაურებები რეზოლუციაზე
რეზოლუციის მიღებაზე კომენტარი უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ევროპა კიდევ ერთხელ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს“, – აღნიშნა მან.
Once again, Europe shows unwavering support for Georgia
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 23, 2023
Grateful to the European Parliament for its decisive resolution on Tamaz Ginturi's killing, underscoring the international community's role in confronting challenges faced by ?? citizens under continuous Russian occupation
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელოვის დაგმობისთვის.
Grateful to European Parliament for condemning the murder of Tamaz Ginturi by ?? occupation forces and for strong message in support of Georgia’s territorial integrity and sovereignty.
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) November 23, 2023
Georgia will continue close consultations with EU institutions and member states on keeping… https://t.co/tH0yqjJUyB
რეზოლუციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მიესალმა და მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის.
We welcome the adoption of #EuropeanParliament's Resolution strongly condemning the abduction and killing of Tamaz Ginturi, a Georgian citizen by the occupying forces, and appreciate the support MEPs reiterate for the sovereignty and territorial integrity of Georgia within its…
— MFA of Georgia (@MFAgovge) November 23, 2023
რეზოლუციის ტექსტი
რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კიდევ ერთი შემთხვევაა. ის ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფას, რაც გამოიხატება ეთნიკურ დისკრიმინაციაში, ბარიერების აღმართვაში, უკანონო სამხედრო წვრთნების ჩატარებასა და „გამშვები პუნქტების“ დახურვაში.
რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, ასევე ამ რეგიონების იზოლირებას საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. ეს იზოლაცია გაეროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში (EUMM) საკუთარი მანდატების შესრულებაში უშლის ხელს.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები დაუსჯელად მოქმედებენ იძულებით გადაადგილებულ ქართველთა სასტიკ მკვლელობებში და მათ შორის არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს და ირაკლი კვარაცხელიას ასახელებს. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ირაკლი ბებუა პატიმრობაში რჩება. 2018 წელს საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს ამხელს.
პარლამენტი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს და მოუწოდებს ევროპულ საბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საფუძველზე ევროკავშირის სანქციების სია შექმნას, რომლის სამიზნეებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დამრღვევები იქნებიან.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და შიდა პოლიტიკაში ჩარევას. იგი ხაზს უსვამს, რომ ეს ქმედებები არ უნდა აისახოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2023 – საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)