ინტერვიუ

პაველ ჰერჩინსკი: როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის 8 ნოემბრის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რადიო თავისუფლებას საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. ელჩმა ჰერჩინსკიმ კომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღება, 27 წევრ სახელმწიფოზე იქნება დამოკიდებული.

მთავრობის „ინკლუზიური მცდელობები“

ინტერვიუში ელჩმა ხაზი გაუსვა მთავრობის მცდელობებს „ყოფილიყო რაც შეიძლება ინკლუზიური, ეურთიერთა ყველა აქტორთან – ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან“ და განაცხადა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში დაბრუნდა და აქტიურადაა ჩართული დისკუსიებში.

„ჩემთვის ყოველთვის გამაოგნებელი იყო, რომ ყველა, ვისაც აქ ჩამოსვლის მერე, ბოლო წელიწადნახევარში შევხვედრივარ, იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ძლიერი მომხრე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, როდესაც საქმე ევროპულ ინტეგრაციას ეხება, ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩმა აღნიშნა, რომ დეპოლარიზაცია იყო ნომერი პირველი პრიორიტეტი ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ნუსხაში და ის ახლა უკვე ცხრა ნაბიჯის ნუსხაშია.

„ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ იქნება პროგრესი დეპოლარიზაციის საკითხზე, რაც „ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა, რომელიც უნდა ეურთიერთოს ოპოზიციას; აგრეთვე ოპოზიციისა, რომელმაც ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მმართველ უმრავლესობასთან. ეს არის სრულიად აუცილებელი“.

ე.წ. რუსული კანონი

ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა და საქართველოს სხვა ბევრმა მეგობარმა შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირების გამო, და აღნიშნა, რომ „ნამდვილად მოხარული ვარ, რომ მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა უპირობოდ გაეწვია უკან თავისი საკანონმდებლო წინადადება“. თავი აარიდა რა ჟურნალისტის კითხვას მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებზე განხორციელებულ თავდასხმებთან და უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, ელჩმა წინსვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე ფოკუსირება.

გზა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე

როდესაც ჟურნალისტმა ელჩს ევროპული საბჭოს შეკრებამდე დარჩენილი ხუთკვირიანი პერიოდის შესაძლებლობებსა და რისკებზე ჰკითხა, მან უპასუხა: „ჩვენ გვაქვს ხუთი კვირა. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იქნება შემდგომი პროგრესი საქართველოში იმისთვის, რომ არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონდეს არანაირი ყოყმანი, შეკითხვა ან ეჭვი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 15 დეკემბერს ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

ელჩის თქმით, ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, მზადდებოდა მრავალი თვის განმავლობაში და „ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში“. ხაზი გაუსვა რა მიღწევებს, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ანგარიშში განსაზღვრულია სფეროები, სადაც შემდგომი პროგრესია საჭირო. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი ადმინისტრაციისთვის, ყველა სამინისტროსთვის, ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის მთავრობისთვის.

მედია კანონმდებლობა

კითხვაზე თუ რატომ დაემატა ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოსთვის განსაზღვრული ამოცანების სიას, ელჩმა განაცხადა, რომ „კანონი მაუწყებლობის შესახებ“ მისი ახლანდელი ფორმით სრულად შეესაბამება ევროპის აუდიოვიზუალური სერვისების შესახებ დირექტივის სტანდარტებს, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება სიძულვილის ენასა და არასრულწლოვანთა დაცვას. ელჩმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელობას. „დამოუკიდებელი, პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტები – და მომავალი წლის არჩევნების გათვალისწინებით, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც – აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის“, – აღნიშნა მან.

დამოუკიდებელი ინსტიტუტები

როდესაც ჟურნალისტმა ელჩს ჰკითხა იყო თუ არა ეროვნული ბანკის მიმართ კითხვის ნიშნების გაჩენა დაკავშირებული ყოფილი გენერალური პროკურორის სანქცირებასა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ შემდგომ პროცედურებთან, ჰერჩინსკიმ უპასუხა: „ვფიქრობ, საუკეთესოდ თქვენს შეკითხვას უპასუხებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელი“. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანი აღდგეს თანამშრომლობა საქართველო-სსფ-ს მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, რადგან ეს დაეხმარებოდა ევროკავშირს, რომ „მთელი ჩვენი დახმარება, მათ შორის საქართველოს ბიუჯეტისთვის პირდაპირი დახმარება, კითხვების გარეშე გაგრძელდეს“.

რაც შეეხება დეზინფორმაციას, რომელიც ცხრა პირობაშია ნახსენები, ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებობს „უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ კიდეც საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი“. მისი თქმით, საჭიროა, რომ საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს „იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე“.

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის დონესთან დაკავშირებით, ელჩმა შეშფოთება გამოხატა ბოლო წლებში ამ დონის კლების გამო და აღნიშნა, რომ  საქართველო არ შეუერთდა 27 წევრი სახელმწიფოს მიერ კოლექტიურად მიღებულ ბევრ გადაწყვეტილებას.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს პოზიცია გასაგებია და „ჩვენ სრულად ვაღიარებთ საქართველოს მთავრობის ე.წ. არაღიარების პოლიტიკის პრიორიტეტულობას“, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს – ქვეყანას, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო – ჰქონდეს დადებითი ტენდენცია და სულ უფრო მეტად შესაბამისობაში იყოს [ერთიან პოლიტიკასთან] და სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ხდება კიდეც – არის თავსებადობის ხარისხის გარკვეული ზრდა“.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ „საქართველო ძალიან სწრაფად დაგვეწევა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაბამისობის დონე სულ უფრო გაიზრდება“.

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, მომდევნო ეტაპზე საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ელჩმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია.  

მისი თქმით, თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო. „თუმცა, ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის“. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა მოიცავს მუშაობას მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა აშშ და გაერთიანებული სამეფო, დიდი შვიდეულის ფარგლებში, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით.

„საქართველო ერთ-ერთი მათგანია და მსურს შევაქო საქართველო მისი პოზიციის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებში, როცა ის ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს რუსეთის იზოლაციას. მსურს შევაქო ძალიან მკაცრი ფინანსური სანქციების გამო, რომელიც საქართველომ დააწესა და მსურს შევაქო საქართველოს დიდი ძალისხმევა, არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების გვერდის ასავლელად“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამავდროულად, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს. აღნიშნა რა რუსეთთან, როგორც საქართველოს მეზობელ ქვეყანასთან, ვაჭრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ელჩმა გაიმეორა, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც საქართველო ჩვენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის პროცესში შესაბამისობაში მოექცევა ევროკავშირის ძალიან მკაცრ და ძალიან მკაფიო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირდაპირი რეისის აკრძალვას ევროკავშირსა და რუსეთს შორის“, – აღნიშნა ელჩმა. აღიარა რა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ რუსეთში და ბევრი წევრი სახელმწიფო სარგებლობდა რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავლებით, „ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი მორალური ვალდებულება იყო, რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ერთ-ერთი ელემენტი იყო ყველა პირდაპირი რეისის აკრძალვა რუსეთთან“.

გეოპოლიტიკა თუ დამსახურება?

კითხვაზე არის თუ არა ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემა გეოპოლიტიკური, თუ საქართველოს წარმატებული რეფორმებით განპირობებული გადაწყვეტილება, ელჩმა ჰერჩინსკიმ ორი ძირითად ელემენტს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ერთი არის ევროკავშირის ღიაობა და მზაობა გაფართოებისთვის და აქ გეოპოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირის მზაობა კარი გაუღოს ახალ წევრებს, განსაკუთრებით უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემთხვევაში, დრამატულად შეიცვალა „უკრაინაში რუსეთის უსაფუძვლო, არაპროვოცირებული და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ“.

რაც შეეხება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ელჩმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დამსახურებაზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშში წერია, რა გაკეთდა, რა რეფორმები განხორციელდა, რა პროგრესი იყო მიღწეული და კიდევ რა უნდა გაკეთდეს და რა რეფორმები უნდა განხორციელდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე ითვლება თუ არა 12-დან 3 რეკომენდაციის შესრულება „საკმარის პროგრესად“, ელჩმა აღნიშნა, რომ „ყოველ ჯერზე ევროკომისია გააკეთებს მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას და ყოველ ჯერზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“.

მოსახლეობა და მთავრობა

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის „საყოველთაო, თანმიმდევრულ და ემოციურ მხარდაჭერაზე“ და აღნიშნა, რომ „მთელი ამ დეზინფორმაციის, შეთქმულების თეორიებისა და უცხოური პროპაგანდის მიუხედავად, არის გასაოცარი ელემენტი, რომელმაც ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიან შეფასებაში“.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „ძალიან კარგად მომზადებულმა, ძალიან პროფესიონალურმა ადმინისტრაციამ“, მათ შორის ექსპერტებმა, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროში მუშაობს, უზარმაზარი შრომა გასწიეს კითხვარებზე პასუხების გაგზავნისას, ევროკომისიის ექსპერტებთან თანამშრომლობისას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთებულიყო პროგრესის საჩვენებლად.

ელჩმა მადლიერება გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ქალი დეპუტატების მიმართ ევროკომისიაში გაგზავნილი წერილებისთვის, რომელსაც „ძალიან მკაფიოდ სთხოდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“. „ეს ყველაფერი ემატება საქართველოს მთელი მთავრობის, პრეზიდენტის, მინისტრების დაუღალავ ძალისხმევას“, – განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა პრეზიდენტის ძალისხმევას, რომელიც “დაუღალავად ეწეოდა ადვოკატირებას ბრიუსელსა და ევროპის დედაქალაქებში კანდიდატობის სტატუსისთვის“. „ასე რომ, ეს იყო ყველას ერთობლივი ძალისხმევა, იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ ყველანი, ვინც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები, ვერ აცნობიერებდნენ ერთმანეთის წვლილს, რასაც თითოეული მათგანი დებდა საერთო ძალისხმევაში. ვიმედოვნებ, ეს შეიცვლება და შემდეგ ეტაპზე ყველანი დაანგრევენ გამყოფ კედლებს, ერთმანეთს ხელს ჩაკიდებენ და იმუშავებენ ინკლუზიურად და კონსტრუქციულად საქართველოს სასარგებლოდ, ევროკავშირის წევრობისთვის“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button