ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი: ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება

ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რიგ რეფორმებს განახორციელებს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას მიულოცა, თუმცა დასძინა, რომ „უპირველეს ყოვლისა, გულწრფელად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ყოველთვის თანმიმდევრულად და ურყევად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“.  

მისი თქმით, „ეს არის ევროკავშირის მხრიდან იმ პროგრესის აღიარება, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპული მისწრაფებები ყველა ქართველს აერთიანებს. ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ შემხვედრია საქართველოს არც ერთი მოქალაქე, რომელსაც არ სურს, რომ მის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

„ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე კონკრეტული ნაბიჯების შესრულებასთანაა დაკავშირებული“, რაც მისი თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ მუდმივი რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრის ადგილის დასაკავებლად.

მისი თქმით, მართალია მოხსენება ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებს, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება გასაკეთებელი ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.  

ელჩის თქმით, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ებრძოლოს დეზინფორმაციას, „განსაკუთრებით დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული“. მან დასძინა, რომ ამისთვის საქართველოში უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია.

პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ლიდერებმა, მთავრობამ და ოპოზიციამ უნდა განახორციელონ ის ახალი ნაბიჯები, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა და დასძინა, რომ როდესაც არსებობს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, „საქმეები შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს წინ“. „რეფორმები არ ხორციელდება ბრიუსელის მოსაწონად“, არამედ იმისთვის, რომ ამით საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს, დასძინა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button