skip to content
ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმიანებიან

ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გადაწყვეტილება ევროკავშირის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერა, რომელიც 2023 წლის გაფართოების პოლიტიკასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ზრდის ახალ გეგმას მიეძღვნა.

„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებს.

მმართველი გუნდი

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“.

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ევროკომისიამ გამოაქვეყნა პოზიტიური შეფასება და გასცა რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს კარგად დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის და გვიხარია, რომ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირის სრულფასოვანი  წევრობისკენ“.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „მისასალმებელი და დასაფასებელია ევროკომისიის შეფასება და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის რეკომენდაციის გაცემა. ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა ევროპის ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი წევრობის მომავალი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისწრაფების და ევროპული არჩევანის მიმართ… ევროკომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი საქართველოს ოკუპაციაზე, რომ საქართველო არ არის მარტო და ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები. ეს არის ევროკავშირის მიერ მისაღები სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი. დღევანდელი დღე მყარ საფუძველს უქმნის საქართველოს უკეთეს მომავალს… კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ამავე დროს, იწყება გრძელი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, სადაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცოდნა, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. ეს გზა ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში საკუთარი გულწრფელი წვლილის შეტანა. 2023 წლის 8 ნოემბერი, და იმედია, ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებაც, საქართველოს და ევროპის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, როგორც ჩვენი ქვეყნისა და ევროპის, ჩვენი საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფლობის სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია!“

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 20 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა. ამ 20 თვის განმავლობაში, ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა – სტატუსის მიღების საბოტაჟით დაწყებული, რევოლუციის მცდელობით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დერადიკალიზაციას შეუწყობს ხელს. ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც გასული 20 თვის მანძილზე უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობაც შეინარჩუნა და ახლა უკვე, კანდიდატის სტატუსსაც ღირსეულად მიიღებს. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს – ყველა პოლიტიკოსსა და საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ევროკომისიის თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ამ პროცესში საქართველოს გულშემატკივრობდა და რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!“

ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი: „გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში“.

ოპოზიცია

ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დეპუტატი: „ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს“.

პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ განცხადება: „ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ქართველი ხალხის მრავალწლიანი უწყვეტი ბრძოლის შედეგია. საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ევროკომისიის რეკომენდაცია სხვაგვარი ყოფილიყო. საქართველოს მოქალაქეებმა ეს შანსი არაერთხელ გადაარჩინეს. გადაარჩინეს მაშინ, როდესაც, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის გზით, აიძულეს რუსული ხელისუფლება განაცხადი შეეტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გადაარჩინეს მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანი და უკომპრომისო ბრძოლით, რადგან ამ კანონით ივანიშვილის ხელისუფლება საბოლოოდ მოკლავდა კანდიდატის სტატუსი მიღების შანსს. გადაარჩინეს ყოველ ჯერზე, როცა ათი ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, რითაც პასუხს სცემდა შეკითხვას სად არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ადგილი. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია არ არის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა აჩენს შანსს, რომ ევროპულმა საბჭომ 14-15 დეკემბრის სამიტზე მოგვანიჭოს სტატუსი. რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო თუ სასამართლო სისტემისადმი ნდობის შექმნას და ქვეყნის დეოლიგარქიზაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ტალღაში. ამ რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება ამ ხელისუფლებას არასოდეს ჰქონია და არც მომავალში ექნება. რუსული ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის საბოტაჟს. ქართველი ხალხის მთავარი ბრძოლა კი ჯერ წინაა. საქართველოს ევროპულობის შესახებ გადამწყვეტ განაცხადს ქართველი ხალხი არჩევნების დღეს გააკეთებს… ვულოცავთ უკრაინასა და მოლდოვას წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნაზე ევროკომისიის რეკომენდაციას. ეს რეკომენდაცია ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქვეყნების პროგრესის გარეშე, საქართველოსაც გაუჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება“.

ბადრი ჯაფარიძე, „ლელო საქართველოსთვის“: „ევროკავშირი ჩვენი ხალხის გვერდით დგას და იდგება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამავდროულად მინდა მივუსამძიმრო „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად და „ქართული ოცნების“ ყველა მცდელობის მიუხედავად ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო ეს რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. ეს არის სწორედ, ჩვენი ხალხის, თანამოქალაქეების განუწყვეტელი მცდელობის შედეგი, მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგი“.

გიორგი გახარია, პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი და ლიდერი: “დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად. მადლობა – ევროპელ ხალხს! იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები! დიახ, ასე იქცევიან მეგობრები – რომლებიც სირთულეების მიუხედავად, გვერდში უდგანან საკუთარ მეგობრებს! ახლა ერთიანობის და მუშაობის დროა! ახლა ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს ლიდერის სტატუსი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესში! ამას ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს! სწორედ ერთიანობაა ახლა ქართველი ხალხის დავალება! იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი წინაპრების მიზანს და აღვასრულოთ ჩვენი შვილების ოცნება; იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და გავიდეთ სამშვიდობოს ყველაზე მოკლე გზა არის ერთიანი ძალისხმევა! მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ საქართველოსთვის! ჩვენს წინსვლას ევროპისკენ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს! ვინც გაიაზრებს, ქართველი ხალხის დავალებას – ძალიან კარგი, და ვინც ამას ვერ გაიაზრებს, ის იქნება ქვეყნის და შესაბამისად, ჩვენი მტერი და ეს იქნება წყალგამყოფი ჩვენთვის! 2024 წელიც ძალიან მალე მოვა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button