ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: თუ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება

29 ოქტომბერს CBS News-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში ნიადაგის მოსასინჯად „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას იყენებს. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს, ეს რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება.

საქართველოში რუსი იმიგრანტების მიერ გამოწვეულ პოტენციურ რისკებზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ძალიან ნერვების მომშლელია, როდესაც შენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ, და მათი რწმენა, რომ თითქოს საკუთარ სახლში არიან. ისინი ისე იქცევიან და მიაჩნიათ, რომ საკუთარ სახლში არიან. ამიტომ, არსებობს მკაფიო ზღვარი და ეს ზღვარი დაცული უნდა იყოს, რათა მომავალში არ მოხდეს ინციდენტები, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, რომ რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის თაობაზე თავისი საყვარელი დოქტრინა გამოიყენოს“.   

კითხვაზე, თუ რატომ არ ამბობს საქართველო უარს რუსეთის მოქალაქეების შემოშვებაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს კითხვა ხელისუფლებას ეკუთვნის… სამწუხაროდ, მე არ მაქვს ამის უფლებამოსილება“.

საქართველოს ხელისუფლების შესახებ საუბრისას, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს თითქოსდა არ სურს ევროკავშირში შესვლა, რაზეც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს ის კითხვაა, რომელიც მთელ მოსახლეობას აინტერესებს – მართლა უნდათ მათ ეს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია“.  

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას საკმარისად უჭერენ თუ არა მხარს დასავლეთი და აშშ საქართველოს მოცემულ მომენტში. მან უპასუხა, რომ იგი ასე არ ფიქრობს. „ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. უკვე ხუთი წელია პრეზიდენტი ვარ, და აქამდე ვერ მოვახერხე ჩემს დონეზე, ანუ პრეზიდენტთან, ან ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის გამართვა, ან თუნდაც სატელეფონო საუბარი … მესმის, რომ უფრო გადაუდებელი საკითხებიც არსებობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ მეტი საჯარო აღიარებაა საჭიროა“.

როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ რომელ აღიარებას გულისხმობდა, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის გულისხმობდა იმ ფაქტის აღიარებას, რომ აშშ „მხარს უჭერს ჩვენს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. ვიცი, რომ ეს ის ფორმულირებაა, რომელსაც აშშ ევროპელ პარტნიორებთან იყენებს, მაგრამ ამის გამეორება უმაღლეს დონეზე მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის“.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button