skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი CNN-თან საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როდესაც მას ჟურნალისტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა და დაინტერესდა, რატომ სურს ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას ავტორიტარიზმის კურსის არჩევა, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ნათელია, რომ მოსახლეობას არ სურს ამ კურსის არჩევა“. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების არჩევანი მთელი ისტორიის მანძილზე ევროპა იყო და ეს საერთო ღირებულებებით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, „ცალსახაა, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა პრინციპს და ეს ხდება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილებას ველით“.

მან განაგრძო, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ „მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვდგავართ; მათ იციან, რომ მათი შვილების მომავალს განსაზღვრავს ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ უახლოეს კვირებსა და თვეებში, და ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ მათ ევროპაში სურთ ყოფნა“.

რაც შეეხება კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის და მმართველი პარტიის დეპუტატების, ისევე როგორც მისი არჩევის მთავარი მიზანი ის იყო, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე დაეყენებინათ. ზურაბიშვილის თქმით, იგი დანაპირების ერთგულია, და „თუ მმართველი პარტია ვერ გრძნობს, რომ ის პასუხისმგებელია საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა“. მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი, რისთვისაც მან პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა, იყო ის, რომ საქართველო დაახლოებოდა და საბოლოოდ გაწევრიანებულიყო ევროკავშირში.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული შანსია, რომელიც შესაძლოა აღარ მიეცეს. მისი თქმით, წინააღმდეგობა და ეჭვები იმის თაობაზე, არის თუ არა საქართველო ევროპაში, „აღარ არსებობს. ამიტომ, უდიდესი შანსი გვაქვს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირში შევიდეთ და იქ აღმოვჩნდეთ, სადაც მრავალსაუკუნოვანი მღელვარე ისტორიის შემდეგ, საქართველო საბოლოოდ შეძლებს მოსვენებას“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა პრეზიდენტი, რომ კანონპროექტის უკან კრემლი დგას, როდესაც მან განაცხადა, რომ ეს „არის დირექტივა მოსკოვიდან“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი განცხადება ნიშნავდა, რომ „სხვა ახსნა არ არსებობს“.  

მისი თქმით, ამ კანონის საჭიროება არ არსებობს და „არც არავის უთხოვია“. პრეზიდენტმა განაგრძო, რომ „ის ძალიან გავს რუსულ პოლიტიკას“ – თავად კანონიც, და ის მოვლენებიც, რაც მის მიღებას ახლდა თან, როდესაც „ხალხის თავისუფალ გამოხატვას, რომლებიც მშვიდობიანად მივიდნენ პარლამენტთან“, რეპრესიები მოყვა.

მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ „ბოლო შანსი აქვს, რომ მოსახლეობასთან გაჩენილი უფსკრული აღმოფხვრას“ და აჩვენოს, რომ ის ფარულად პრორუსულ ძალას არ წარმოადგენს. მან მოუწოდა ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. პრეზიდენტის თქმით, ხალხს აქვს უფლება გამოხატოს, რომ სურს ევროპა და რომ ის მხარს დაუჭერს მათ უცხოელ ლიდერებთან და მედიასთან საუბრით.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ საქართველო პუტინის შემდეგი სამიზნეა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე ყოფილა რუსული აგრესიის სამიზნე, მათ შორის 1921 წელს, 1991-93 წლებში და კიდევ 2008 წელს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება და დასძინა, რომ შესაძლოა ეს მოვლენები არის „სხვა გზა, არაპირდაპირი გზა საქართველოში ფეხის მოსაკიდებლად“.

ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება რეგიონში აუცილებელია სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში „ბალანსის“ თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ რუსეთი იოლად არ გაუშვებს რეგიონს ხელიდან, მაგრამ აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინაში აგებს. პრეზიდენტის თქმით, „უკრაინაში ომის ფუნდამენტური არსი და თუ როგორ დასრულდება ის, იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი აღარ უნდა იყოს ოკუპანტი სახელმწიფო, როგორც გასული საუკუნენახევრის განმავლობაში იყო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button