სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ორი პირი ამხილა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ორი პირი ამხილა. შემთხვევა აგვისტოში, მესტიის რაიონში მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბრალდებულები მთავარი არხის თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს. აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ “, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ 24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა.
ემა გოგოხიას თქმით, მას და მის ოპერატორს 12 ადამიანი დაესხა თავს, რომელთაგან ერთი სავარაუდოდ საამქროს მეპატრონე იყო. გოგოხიამ აღნიშნა, რომ იმავე ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით მას ადრეც დაესხნენ თავს.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/07/2023 – საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლაზე ერთი პირი დააკავეს
- 14/06/2023 – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს თავს დაესხნენ
- 17/03/2023 – განახლება: „ტვ. პირველის“ ჟურნალისტზე ძალადობისთვის ერთი პირი დაკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)