Placeholder canvas
ახალი ამბები

განახლება: „ტვ. პირველის“ ჟურნალისტზე ძალადობისთვის ერთი პირი დაკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 17 მარტს განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში  „ტვ. პირველის“, ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიმართ ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ტვ. პირველის“ ჟურნალისტს სიუჟეტზე მუშაობის დროს დაკავებულმა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი წაართვა და დაუზიანა, რის გამო მას საქმიანობაში ხელი შეეშალა და სიუჟეტი ვერ ჩაწერა, „ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სოფელ ბახვში მომხდარზე გამოძიება 15 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით (სსკ-ის 154) დაიწყო. მოგვიანებით მას ძალადობისა და (126) და ნივთის დაზიანების და განადგურების მუხლები დაუმატა.

რა მოხდა?

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით, 15 მარტს, სოფელ ბახვში, მათი ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩასაწერად, იმ პირის სახლში მივიდა, რომელმაც მათივე ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ულტრაკონსერვატიული და ულტრამემარჯვენე პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ თბილისში გამართულ აქციაზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა. ტელევიზიისვე ინფორმაციით, რესპონდენტმა მათ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა და ის ტელეფონი დაუმტვრია, რომლითაც „ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა“.

თავად ნატო გოგელიას მონათხრობით, თავდაპირველად, რესპონდენტმა მის ყველა კითხვას უპასუხა, დაადასტურა, რომ დროშა ნამდვილად მან ჩამოხსნა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია. „ეს არ ხდებოდა სახლის შიდა ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მან არ ისურვა ეზოში საუბარი და მისივე სურვილით გამოვედით ეზოს გარეთ“, – იხსენებს გოგელია და ამბობს, რომ ამის შემდეგ, რესპონდენტთან ინტერვიუსას საუბარში, სავარაუდოდ, მისი მამა ჩაერთო და „ცუდი სიტყვებით, ლანძღვით“ უთხრა, რომ წასულიყვნენ.

„ამას მოჰყვა [მამუკა] ანდღულაძის [რესპონდენტის] მხრიდან სასწაული აგრესია. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფა. პირველი რაც გააკეთა, ეცადა, რომ წაერთმია ტელეფონი და მოახერხა კიდევაც, დაამტვრია“, – ამბობს გოგელია და განმარტავს, რომ ამის შემდეგ, მას სავარაუდო მოძალადის დედა „გადაეფარა“ და შემთხვევის ადგილიდან წამოსვლა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო.

არასამთავრობოები „სწრაფ“ და „ეფექტიან“ გამოძიებას მოითხოვენ

მომხდარს დღეს გამოეხმაურა მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების“ კოალიცია და მოუწოდა ხელისუფლებას, „დროულად გამოიძიოს „ტვ. პირველის“ ჟურნალისტზე თავდასხმისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტი“.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმიან. ხელისუფლების მხრიდან მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული დეზინფორმაციული კამპანია კიდევ უფრო ახალისებს მსგავსი სახის ძალადობას“, – აცხადებენ კოალიციაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას „უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, საჯაროდ დაგმოს და ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ფაქტები“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „სწრაფი“ და „ეფექტიანი“ გამოძიებისკენ ცალკე განცხადებით გუშინვე მოუწოდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“. „ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 17 მარტს, „ტვ. პირველის“ ჟურნალისტზე ძალადობისთვის დაკავებულის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა. თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button