ახალი ამბები

თბილისში 26-27 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

26-27 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიმართება, რომლის თემაა „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი დაესწრება. მაღალი რანგის სტუმრებს შორის იქნებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი, რომლებიც ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ.

„საქართველო, თავისი გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობით, ყოველთვის თამაშობდა მნიშვნელოვან როლს აბრეშუმის გზის განვითარებაში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისასალმებელ განცხადებაში. „ამჟამინდელი გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, საქართველოს როგორც რეგიონული აქტორისა და აღმოსავლეთის დასავლეთთან დამაკავშირებლის ისტორიული როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ისევე როგორც ჩვენი მთავრობის დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონულ ცენტრად განავითაროს, რაც ჩვენს მოქალაქეებს მეტ კეთილდღეობას მოუტანს და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“.

ამავე განცხადების თანახმად, ფორუმის პირველ დღეს განხილული იქნება შემდეგი საკითხები: შუა დერეფნის მზარდი როლი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის ახალი არქიტექტურა; ციფრული კავშირი; ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია; ტურიზმის მდგრადობა; დივერსიფიცირებული ინვესტიციები მყარი მომავლისთვის. მეორე დღეს ფორუმი კომპანიებს კავშირების დამყარებისა და პარტნიორობის შესაძლებლობებს მისცემს.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩინეთ-საქართველოს მნიშვნელოვნად განახლებული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ივლისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივ სადავო განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ოთხი მიმართულებით, კერძოდ, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობებში.

ერთობლივი განცხადების თანახმად, „ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ხვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება“.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი სამჯერ ჩატარდა 2015, 2017 და 2019 წლებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button