ახალი ამბები

Yandex.Go-ს მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე შესწავლა დაიწყო

9 აგვისტოს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაიწყო აპლიკაცია „Yandex.Go“-ის მეშვეობით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დააანონსა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ,“ – წერია სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა ონლაინგამოცემამ, „მედუზა“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მიიღებს შეუზღუდავ წვდომას Yandex-ის მონაცემთა ბაზაზე, განსაკუთრებით Yandex.Go ტაქსის შეკვეთის სერვისის მონაცემთა ბაზებზე. „მედუზა“-ს ცნობით, „ეფესბეს“ მიეცემა Yandex-ის მონაცემებზე უწყვეტი, სადღეღამისო წვდომა, რომელიც გავრცელდება რუსეთის საზღვრებს გარეთაც და პოტენციურად იმოქმედებს 20-ზე მეტი ქვეყნის მაცხოვრებლებზე, სადაც Yandex ჯერ კიდევ მუშაობს. მათ შორის არიან: სომხეთი, საქართველო, ნორვეგია, ყაზახეთი, ისრაელი და ფინეთი (ლატვიამ და ესტონეთმა დაბლოკა Yandex-ის საქმიანობა 2022 წელს).

კანონპროექტი რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო 2022 წლის 22 დეკემბერს. კანონი ტაქსის შეკვეთის სამსახურს ავალდებულებს „ეფესბეს“ ავტომატურად მიაწოდოს დისტანციური წვდომა მის საინფორმაციო სისტემებზე და მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც გამოიყენება შეკვეთების მისაღებად, შესანახად, დასამუშავებლად და გადასაცემად. ამავე კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1 სექტემბერს შევა და პრემიერ-მინისტრის, მიხეილ მიშუსტინის მიერ არის ხელმოწერილი, „ეფესბეს“ ექნება შეუზღუდავი წვდომა პერსონალურ მონაცემებზეც. ამ დროისთვის, რუსულ ტაქსის სერვისებს შორის ინფორმაციის გაცვლის ამ რეესტრში მხოლოდ Yandex.Go არის ჩართული.

აღსანიშნავია, რომ 8 აგვისტოს ფინეთის მონაცემთა დაცვის ორგანომ მიმართა Yandex LLC-ს და Ridetech International B.V.-ს, რათა მათ შეაჩერონ მომხმარებლების პირადი მონაცემების გადაცემა Yango ტაქსის სერვისიდან რუსეთისთვის და შეწყვიტონ შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება. ეს დროებითი მოთხოვნა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და სავარაუდოდ 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

„ეფესბეს“ მიერ პერსონალურ მონაცემებზე პოტენციური წვდომის შესახებ ინფორმაციამ შეშფოთება გამოიწვია Yandex.Go-ს მომხმარებლებში საზღვარგარეთ, რის გამოც მათ აპლიკაციის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს მიმართეს. Yandex-ის შიგნით წყარომ განუცხადა „მედუზა“-ს, რომ ზემოხსენებული შეშფოთების გამო თანამშრომლებმა კომპანიის მენეჯმენტს მიმართეს და მონაცემთა დაცვის შესახებ მეტი ინფორმაცია მოითხოვეს. საპასუხოდ, მენეჯმენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Yandex.Go-ს და Yango-ს მონაცემები რუსეთში ინახება. მათ ასევე მოუწოდეს თანამშრომლებს, თავი აარიდონ მონაცემთა ცენტრების გეოგრაფიული მდებარეობის განხილვას კლიენტებთან საუბრისას.

იმავე წყარომ თქვა, რომ Yango-ს სერვისების ყველა მონაცემთა ბაზა გეოგრაფიულად კონსოლიდირებულია რუსეთში და შესაბამისად, საერთაშორისო და შიდა სეგმენტების ინფორმაცია ერთად ინახება. ამავდროულად, Yandex-ი ამტკიცებს, რომ მიუხედავად მონაცემების რუსეთში შენახვისა, მათზე წვდომა რჩება იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივად, სადაც მგზავრობა ხორციელდება, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია მომხმარებლებს პირდება, რომ აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდება 1 სექტემბრს ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button