ახალი ამბები

ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

14 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (ენმ) შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. მოთხოვნას სხვა ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კატეგორიული წინააღმდეგობა კითხვებს ბადებს.

ენმ-ს განცხადების თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბაკუჩავამ პარლამენტში მოთხოვნის წერილი უკვე დაარეგისტრირა. პარტია მინისტრს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე მიმართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში მინისტრს 5 კითხვით მიმართავენ. მათ აინტერესებთ თუ რატომ არ დაინერგა ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა; რატომ დაიწყო სამაშველო ოპერაციები 3 საათიანი დაგვიანებით; რა საფუძველზე იქნა მიღებული მთავრობის გადაწყვეტილება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში არ ეთხოვათ უცხოეთიდან დახმარება; რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან; და რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში სტიქიიდან მე-11 დღეს ჩავიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შსს-ს შეეძლო გამოეყენებინა ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები, თუმცა მათი გამოყენება არ მოხდა, ვინაიდან: „თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს საფრთხე, რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული“. მინისტრის მოცემული განცხადების შემდეგ, 14 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გომელაურის გადადგომის და ირაკლი კობახიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქციისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც აქტივისტების ბანერებმა გამოიწვია. პოლიციამ ბანერები წარწერებით „გადადგეს გომელაური“ და „ირაყლი გაადჟვი პარლამენტიდან“ დემონსტრატებს გამოართვეს, თუმცა შემდგომში დაუბრუნეს. აქტივისტებისვე ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მიტინგზე 2 ადამიანი დააკავეს, რომელებიც დაახლოებით 11:10 საათისკენ გამოუშვეს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ოპოზიცია შოვის სტიქიიდან პირველივე დღეებში გამოვიდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძეს თქმით: „ასეთი ტიპის [საგამოძიებო კომისიის შექმნის] ინიციატივის წარმოდგენისას, ეს ერთგვარი დემონსტრირებაა სასოწარკვეთილი მდგომარეობის, რომელშიც აღმოჩნდნენ თავიანთი ბრალითვე ოპოზიციონერები. მათ მთელი ტალღა მოაგროვეს საიმისოდ, რომ დეზინფორმაცია გაევრცელებინათ, რათა ხელისუფლების რეპუტაცია დაეზიანებინათ. რადგან არგუმენტები არ აქვთ, არგუმენტები საიდან უნდა მოიძიონ და უნდათ დაიწყონ გაუმართლებელი დისკუსია ამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით“.

ამავე საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ: „სტანდარტის მიხედვით, როდესაც იწყება ჩვეულებრივი გამოძიება, არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიები. თუმცა, აქაც ახერხებს ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა სპეკულირებას, რაც ძალიან სამწუხაროა“. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით კი: „პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, მაგალითად ინტერპელაცია. შეუძლიათ დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button