ახალი ამბები

საქართველო მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს „ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი ბაზა“, მათ შორის ევროსტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობა და პოლიტიკა. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მისი „განხორციელება უნდა გაძლიერდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, საჯარო მმართველობა, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. „შემდგომი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო სისტემის რეფორმების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც „კვლავ შემაშფოთებელია“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა 2022 წლის მარტში საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება საქართველოს შესახებ ევროკომისიის დასკვნაში წამოყენებული პრიორიტეტები კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებთან დაკავშირებით.

ანგარიში მიმოიხილავს ევროკავშირის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც 2022 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საკითხებზე საქართველოსთან რეგულარული პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად გამოიყენება. მათ შორისაა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო და ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგი.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელა, რათა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია შეემუშავებინა, მათ შორის, გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეგულარული შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. სტრატეგია მთავრობამ 2022 წლის სექტემბერში, ასოცირების საბჭოს სხდომის წინ მიიღო და ახლა ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.  

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პროცესს „აკლდა საფუძვლიანი კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“. ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ საკითხების ინტეგრირებას, რომლებიც სტრატეგიაში და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და სასამართლო საკითხების მოგვარება. ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე დიალოგი გრძელდება, ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button