Placeholder canvas
ახალი ამბები

Amnesty International-ის ანგარიში საქართველოში უფლებრივი დარღვევების შესახებ 

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით – „მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მთელ რიგ პრობლემურ ტენდენციებზეა ყურადღება გამახვილებული.

ანგარიშის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. შერჩევითი სამართალი და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გრძელდებოდა. ახალი კანონებით გაფართოვდა მიყურადების უფლების ფარგლები და კიდევ უფრო შეილახა სასამართლოსა და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა. გრძელდებოდა ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია; კვლავ ხშირი იყო მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის საქმეებზე ეფექტური გამოძიების არქონა გამოწვევად რჩებოდა როგორც მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პოლიტიკურ კრიზისი გრძელდება. ასევე ნახსენებია, რომ 2022 წლის ივნისში, ევროკომისიამ გადადო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დემოკრატიული მმართველობის, სასამართლო რეფორმისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხებში არსებული ნაკლოვანებების გამო. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა „მწვანე შუქი აუნთო უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ არა საქართველოს, სადაც რეფორმები შეჩერდა ან რეგრესირდა“. იქვე საქართველოში ეკონომიკურ უთანასწორობაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რაც „შრომის ბაზარზე არსებული შესაძლებლობების შემცირებას და ახალგაზრდების ემიგრაციის მაღალ დონეს იწვევს“.

Amnesty International-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება ხელისუფლების მხრიდან აგრესიული რიტორიკით და ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების საჩივრებით. არ მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. დოკუმენტში 2021 წელს „თბილისი პრადის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისთვის მსჯავრდებულებზეც არის საუბარი, თუმცა თუმცა აღნიშნულია, რომ ამ თავდასხმების სავარაუდო ორგანიზატორები ჯერ კიდევ არ არიან გასამართლებულნი. გარდა ამისა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფორის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებაში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, თუმცა მათთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება შესუსტდა, რადგან პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამართალდამცველ ორგანოებს ფარული თვალთვალის უფლებამოსილებას ანიჭებს. ამასთან, ნათქვამია, რომ ფარული თვალთვალის ტაქტიკა იქნა გამოყენებული ოპოზიციის წევრების, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამ კონტექსტში, 2021 წლის ივლისსა და სექტემბერში, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილ მასალებზეა ყურადღება გამახვილებული და აღნიშნუალია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოტენციური უნებართვო ჩაწერისა და მოსმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგები არ გასაჯაროებულა.

დოკუმენტში საქართველოში უსამართლო სასამართლო პროცესებზეც არის საუბარი და ნათქვამია: „ხელისუფლების მზარდი გავლენა სასამართლო სისტემაზე, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა და კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა კვლავ გამოწვევად დარჩა“. სხვა შემთხვევებთან ერთად, Amnesty International-ი ახსენებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც გრძელდება მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად. ამავე კონტექსტში, ასევე ხაზგასმულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც.

ანგარიშში მოკლედ არის ნახსენები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაც, რომელიც ორი ახალი უწყებით შეიცვალა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აკრიტიკებენ ამ ნაბიჯს და აცხადებენ, რომ ის ზღუდავს გამოძიებას ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. რაც შეეხება ქალთა უფლებებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მედიაში გავრცელდა ცნობები არაერთი ქალის მკვლელობის შესახებ, რაც აძლიერებს წუხილს, რომ „ფემიციდი და გენდერული ნიშნით მოტივირებული სხვა სახის დანაშაულები იზრდება“.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ქვეთავში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ აღინიშნება პროგრესი წარსულში ჩადენილი ძალადობის გამოძიების კუთხით.

Amnesty International ოკუპირებულ რეგიონებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს: „საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაუარესდა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. წარსულ საქმეებზე დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა“.

დოკუმენტში გენადი კულაევის საქმეა ნახსენები, რომელიც პატიმრობისას ცემისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებების შედეგად 2020 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა. წამების ან არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებზე საუბრისას, დოკუმენტში ასევე ნახსენებია ინალ ჯაბიევისა და ანრი ატეიბას საქმეებიც. ასევე ყურადღებაა გამახვილებული ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე, რომელმაც ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button