აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 მარტს საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ კრიტკული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები“, მათ შორის, „წამება ან არაადამიანური, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა; დაუსაბუთებელი დაპატიმრებები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ან უკანონო ჩარევა; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ძალადობა და ძალადობის მუქარა ჟურნალისტების მიმართ; არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში და დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომელიც მიმართულია ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვირ და ინტერსექს პირებსა და აქტივისტებზე“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება. უფრო მეტიც, „ხელისუფლების წარუმატებლობამ სათანადოდ გამოეძია 2021 წლის ივლისის ძალადობის შემთხვევები რომელებიც წინ უძღოდა „ღირსების მარშს“, გამოიწვია ამ დარღვევების დაუსჯელობა“. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული, „პასუხისმგებლობის ნაკლებობა ასევე გამოვლინდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროსაც, როდესაც პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისას“.
დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავაც დაფიქსირდა რუსეთის მიერ საქარტველოს ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, „მათ შორის ,არსებობს სარწმუნო ცნობები უკანონო დაკავებების; გადაადგილების შეზღუდვის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების; ასევე ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიშში ნათქვამია, რომ მართალია, არჩევნები ეუთოს მიერ მიჩნეული იყო, როგორც კონკურენტული და ის ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, „ამომრჩეველზე ზეწოლის ბრალდებებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლამ შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“.
გამოხატვის თავისუფლება და მედია გარემო
ანგარიშის თანახმად, „წლის განმავლობაში ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ეს შეშფოთება ფოკუსირებული იყო ოპოზიციური მედიასაშუალების ხელმძღვანელის გასამართლებაზე, მედიაპლურალიზმის გაუარესებასა და არასაკმარის ანგარიშვალდებულებაზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე“.
ანგარიშში მთავარი კრიტიკა შეეხებოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის ივლისში, „ღირსების მარშის“ წინ ძალადობის ორგანიზატორი პირების მიმართ და 2017 წელს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების არასათანადო გამოძიებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით: „2021 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რაც გააკრიტიკეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, გამოხატვის თავისუფლების პოტენციურად შეზღუდვისა და მედიაგარემოს გაუარესების გამო. ცვლილებებმა გააფართოვა კომისიის უფლებამოსილება მედიაკონტენტზე, შეცვალა ცილისწამების საქმეების პროცედურა და დააწესა სიძულვილის ენის ბუნდოვანი განმარტება. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ცვლილებები მიზნად ისახავდა აუდიოვიზუალური მედიის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო, რომელიც განიხილებოდა, როგორც ხელისუფლებისთვის კრიტიკული ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მცდელობა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 აპრილის ანგარიშში, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა სათანადო სტატისტიკა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რაც აფერხებდა პრობლემის მასშტაბის გაცნობიერებას.
ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა, მედიის თემებზე მომუშავე ზოგიერთმა ორგანიზაციამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების ან მათი მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ამის მაგალითებად დოკუმენტში დასახელებულია 2019 წელს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალდებას ფულის გათეთრების საქმეში სავარაუდო მონაწილეობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის საქმესთან ერთად, რომლებიც ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერები არიან. გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ნათქვამია, „წლის განმავლობაში, ჟურნალისტების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ან ხელს უშლიდნენ საჯარო ღონისძიებების გაშუქებაში, ან მოთხოვნისამებრ არ აწვდიდნენ ძირითად საჯარო ინფორმაციას“.
პოლიტპატიმრები
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პოლიტპატიმრების ყოლაში ადანაშაულებენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზეა გამახვილებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „17 მაისს Amnesty International-მა მის სამწლინახევრიან პატიმრობას უწოდა „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში აქტი მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ“. Amnesty International-მა ასევე განაცხადა, რომ გვარამიას პატიმრობა იწვევს „მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების შემცირების გამო“.
ანგარიშში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე და ის პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული. ანგარიშში განხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის შემაშფოთებელი მდგომარეობა და ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიოს ყოფილ პრეზიდენტს, რომლის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა“.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში, საქართველომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ჩაანაცვლა ორი ახალი უწყებით. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ახალი საგამოძიებო უწყება არ არის უფლებამოსილი გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი გარკვეული დანაშაულებები. ანგარიშში ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ მიმართ ეუთოს კრიტიკაზეც არის ყურადღება გამახვილებული და ხაზგასმულია, რომ ინსპექტორის სამსახური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეს იძიებდა.
სასამართლო სისტემა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ხაზი გაუსვეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობასა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობას რომელიც ცნობილია „კლანის“ სახელით. ევროკავშირის 12 პირობიდან კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი ითვალისწინებს სასამართლო რეფორმას, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელ, ანგარიშვალდებულ და მიუკერძოებელ სასამართლოს ჩამოყალიებეას – ამ პუნქტის შესასრულებლად პარლამენტმა გამოაქვეყნა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რასაც მოჰყვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირება. თუმცა, „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაცხადა, რომ სასამართლოს სამოქმედო გეგმა და შემოთავაზებული ცვლილებები ვერ აგვარებს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად პრობლემებს, როგორებიცაა – ძალაუფლების კონცენტრაცია და არაფორმალური, კლანებზე დაფუძნებული გავლენა სისტემაში. მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიამ არ წარმოადგინა სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების ან კანონმდებლობისა და პრაქტიკის პრობლემების ერთიანი სურათი.
ინტერნეტის თავისუფლება
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინტერნეტის ცენზურის ან შეფერხების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა, გაჩნდა შეშფოთება არაავტორიზებული მიყურადების შესახებ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას ბრალად ედება ე.წ „ბოტებისა“ და „ტროლების“ გამოყენება სოციალური მედიის დისკურსის მანიპულირებისთვის. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ბუნდოვანი რჩება.
კორუფცია
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს მთავრობამ აამოქმედა კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივ ჯარიმებს ითვალისწინებს დაბალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ კორუფციული მსჯავრებისთვის. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებდნენ შეშფოთების გამოხატვას მაღალი რანნგის თანამდებობის პირების მიმართ კორუფციულ ბრალდებებზე სუსტი კონტროლისა და ბალანსის, სამართალდამცველი უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობისა და სახელმწიფო საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რადგან არსებული ინსტიტუციური მოდელი არასაკმარისი იყო“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 25 ივლისის მდგომარეობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოავლინა 85 გამოუძიებელი საქმე სავარაუდო კორუფციის შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ მაღალი თანამდებობის ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/03/2023 – საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში
- 24/12/2019 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)