ნიკა გვარამია ევროპარლამენტს ესტუმრა
პატიმრობიდან ახლახანს გათავისუფლებული „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის პატიმრობა “პოლიტიკურად მოტივირებულად” ითვლებოდა, სტრასბურგში, ევროპარლამენტის წევრებთან ერთად შეხვედრებში, დისკუსიებსა და დასკვნით პრეს-კონფერენციაში მონაწილეობდა. 11-12 ივლისს გამართული შეხვედრების მიზანი საქართველოში დემოკრატიული გარემოსა და პოლიტიკური მოვლენების განხილვა იყო.
მთავარი გზავნილი, რომელიც ნიკა გვარამიამ და ევროპარლამენტარებმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააჟღერეს, იყო მოწოდება ახალგაზრდა თაობისადმი, უფრო აქტიური როლი ითამაშონ ქართულ პოლიტიკაში. მათ ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების მოსმენისა და მათი მისწრაფებების რეალიზების მნიშვნელობას. ევროპარლამენტარებმა ასევე არაერთხელ აღნიშნეს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლების და დასავლურ სახელმწიფოში გადაყვანის აუცილებლობა, რათა მან აუცილებელი სამედიცინო დახმარება მიიღოს. აქცენტი ასევე გაკეთდა 2024 წლის არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების აუცილებლობაზეც.
თავის განცხადებაში ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს გააიგივოს ნატო და ევროკავშირი იმ ძალასთან, რომელსაც სურს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. თუმცა, მან გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი ხალხი არ მოტყუვდება, რადგან „მათ იციან რა არის ევროპა, იციან ვინ არის ჩვენი მოკავშირე, იციან ვინ არიან ჩვენი მეგობრები“. გვარამია ამტკიცებდა, რომ „საქართველოს მთავრობას აკლია ლეგიტიმაცია“, რადგან ის არ წარმოადგენს ხალხს და არ ასახავს მათ მისწრაფებებს.
გვარამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში დისკუსიები ძირითადად არ ეხებოდა საქართველოში პოლიტპატიმრების მდგომარეობას ან ჟურნალისტებზე თავდასხმებს. ამის ნაცვლად, მთავარი თემა იყო, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ახალი პოლიტიკური აქტორების, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ჩართულობით. გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური აქტორებითა და ახალგაზრდების მეტი ჩართულობით, „საქართველო ძალიან მალე გახდება ევროპული და საქართველო შეიცვლება, რადგან 2024 წელს ავირჩევთ ახალ მთავრობას… პროდასავლურს და ქმედითუნარიანს და ეფექტურს“.
თავის შენიშვნებში ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გამოხატა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კმაყოფილება და შეაქო გვარამიას ოჯახი მისი თავისუფლების უზრუნველსაყოფად ურყევი ძალისხმევისთვის. მან აღნიშნა ევროპარლამენტარების და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა და დაადასტურა, რომ „თავისუფალი სამყაროს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში საქართველოსა და ქართველ ხალხს ღირსეული ადგილი აქვთ“. ფოტიგამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მას მალე გაათავისუფლებენ ჰუმანიტარული ნიშნით და გაუშვებენ დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ.
- 04/07/2023 – სააკაშვილის დისტანციურმა გამოჩენამ სასამართლო პროცესზე საერთაშორისო პარტნიორებში შეშფოთება გამოიწვია
ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა დამსწრე ევროპარლამენტარი საქართველოს მეგობარია და ხაზი გაუსვა გვარამიას გამძლეობისთვის ციხეში ყოფნის დროს. ლექსმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველო გახდეს დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა ევროპულ ერთა ოჯახში. მან განაცხადა: „ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, მაგრამ მეორე მხრივ, რასაც რეალურად ვხედავთ დღეს საქართველოში არის მიზანმიმართული პოლარიზაცია, არის სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, უმიზეზოდ ყველა იმ პირის დაპატიმრება, რომელიც მზადაა თქვას თავისი სიტყვა თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მზარდი თვალთვალი, დაშინება და ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე, რუსული დეზინფორმაციის გავრცელება; დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც პოლარიზებს ქვეყანას… ეს ყველაფერი არ ეხმარება ქართველ ხალხს იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, რასაც ისინი იმსახურებენ“.
გარდა ამისა, ლექსმანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 12 რეკომენდაციის განხორციელების მნიშვნელობას და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადადგას ამისათვის საჭირო ნაბიჯები. მან ასევე გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა რეფორმების პროცესში დახმარების გაწევის. გამოსვლის ბოლოს მან ასევე დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოტივით გათავისუფლებას.
- 17/06/2022 – კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა კმაყოფილება გამოთქვა გვარამიას ევროპარლამენტში ყოფნით და ხაზი გაუსვა ძალისხმევას, რომელიც გაწეული იყო მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მან გაიმეორა ევროპარლამენტარების ვალდებულება, მხარი დაუჭირონ საქართველოს პოლარიზაციის დაძლევაში და ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში. ფონ კრამონმა ასევე აღნიშნა საქართველოში ამბიციური ახალგაზრდა თაობის მნიშვნელობა და მათი ევროპული მომავლის სურვილი. მან გამოთქვა რწმენა, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ცვლილებების მოხდენა.
ფონ კრამონმა გამოთქვა წუხილი საქართველოს დემოკრატიული გეზის ცვლილების მიმართ და აღნიშნა, რომ ის ოდესღაც მისაბაძ ქვეყანად ითვლებოდა ახალი დემოკრატიებისთვის. თუმცა, მან ხაზი გაუსვა ევროპარლამენტარების მოწადინება, რომ „საქართველო თავდაპირველად არჩეულ გზას დაუბრუნდება“. სიტყვის დასასრულს მან აღნიშნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული პრობლემის გადაწყვეტის მიმართ მხარდაჭერა.
შემაჯამებელ განცხადებაში, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიციუსმა გამოხატა კმაყოფილება, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის საშუალება მიეცათ და იმედი გამოთქვა გამოსავალზე, რომელიც გადაწყვეტს მის ჯანმრთელობის პრობლემებს. მან ხაზი გაუსვა საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტს და აღნიშნა, რომ სააკაშვილი, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სათანადო ზრუნვას იმსახურებს.
კითხვა-პასუხის დროს დაისვა შეკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნატოს ვილნიუსის სამიტზე არყოფნის შესახებ და ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ღარიბაშვილმა ნატოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც შეიძლება ნატოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი გამხდარიყო. ფოტიგამ აღნიშნა, რომ არ უნდა ვენდოთ ზოგიერთი მედია საშუალების გადაუმოწმებელ ინფომრაციაზე სამიტის შესახებ, თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ღარიბაშვილი ნამდვილად არ იყო მიწვეული, “ეს არ ნიშნავს საქართველოსთვის უარყოფით პროგნოზს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)