პრემიერმა მიუნხენში ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, უკრაინის ომსა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროინტეგრაციაზე, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ოკუპაცია
პანელური დისკუსიისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2008 წელს საქართველომ რუსეთთან ომი „საკუთარ თავზე“ გამოსცადა და რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და „ჩვენ მუდმივად ვდგავართ გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე“. „ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, „ირიბი ომი“ 90-იანების დასაწყისში, როდესაც რუსეთი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა სეპარატისტებს აფხაზეთსა და ოსეთში“, – დასძინა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, „უამრავი ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და რუსეთმა განათავსა სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიებზე“ და „ეს პროცესები მიმდინარეა, არ შეჩერებულა“.
„2008 წლის ომის შედეგად არ დაწესებულა საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამის საპირისპიროდ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც აღქმული იყო საკმაოდ ცუდ სიგნალად“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრისას, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით კონფლიქტების „მშვიდობიანი მოგვარების“ პოლიტიკას ატარებს. „ 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციისათვის“, – განაცხადა მან და მედიაციის პროცესში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა ეუთოს, ევროკავშირსა და აშშ-ს. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ერთადერთი პლატფორმა, „რომლის საშუალებითაც რუსებთან გვაქვს დიალოგი“.
ამავე კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ „მიღწევად“ მშვიდობიანი პერიოდის უზრუნველყოფა დაასახელა. „ამ ათწლიან პერიოდში, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობა და სტაბილურობა. და ეს არის ის რაც სჭირდება ხალხს: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა მან და დასძინა – „ომით ჩვენ ვერ მივაღწევთ კეთილდღეობას, ვერ მივაღწევთ სტაბილურობას“.
ევროინტეგრაცია
პანელურ დისკუსიაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერმინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ „ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ევროინტეგრაციის გზაზე“. ამ კონტექსტში პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა დაასახელა.
მანვე 2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებულ „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ გაუსვა ხაზი.
ომი უკრაინაში
პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად დაასახელა და თქვა, რომ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა და მსოფლიო არ დამდგარა ასეთი მასშტაბის გამოწვევის წინაშე“. „ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ფოკუსირებულია უკრაინაზე, სადაც მიმდინარეობს დამანგრეველი ომი. ჩვენ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ომი შეწყდეს“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“.
რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ყველა თანხმდება, რომ ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში საიდანაც შესაძლებელია უფრო ზუსტი, კონკრეტული საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდება უკრაინაში“.
„რა თქმა უნდა, ამ ომის შედეგები მოახდენენ გავლენას ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, (თქვენ ახსენეთ) მოლდოვა… მოდით პირდაპირ ვთქვათ – ევროპული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურაზე, მთელს მსოფლიოზე. ვინაიდან ამჟამად რუსეთი ცდილობს შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი“, – განაცხადა მან.
პრემიერმა ისიც დაამატა, რომ „საკმაოდ რთულია იმის თქმა თუ რა მოხდება“. „ვფიქრობ, დრო გვაჩვენებს, სად ვართ ახლა და სადამდე მივალთ ჩვენ, მსოფლიო, რეგიონი და ევროპა უკრაინის შემდეგ… მე ვთვლი და ექსპერტებიც ასე გვეუბნებიან, რომ სადღაც 2-3 თვეში გახდება მეტნაკლებად გასაგები თუ სად ვიმყოფებით“.
„ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ ბირთვული რიტორიკა დაბრუნდა. რაც კატასტროფულია მთელი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და ევროპისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ალტერნატივა“. „შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისეთი „დიდი“ მოთამაშეები, როგორებიც არიან აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი – დასხდებიან და დაიწყებენ საუბარს პლანეტის მომავალზე“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „საქართველოს მთავრობა კერძო კლინიკაში სააკაშვილისთვის მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც არ აქვთ სხვა პატიმრებს“. მანვე დასძინა, რომ 2021 წელს საქართველოში მისი დაბრუნების იდეა ქვეყანაში „რევოლუციის მოხდენას“, „მასობრივი მკვლელობების ორგანიზებასა“ და „სისხლისღვრას“ უკავშირდებოდა, „თუმცა საბოლოოდ ციხეში მოხვდა“.
ირაკლი ღარიბაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს ისიც უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი „კარგი მსახიობია“ და დასძინა, რომ მისმა ოჯახმა 1 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა „აგრესიული მედიაკამპანიის ორგანიზებისთვის“. „ამდენად, რასაც ხედავთ ფოტოებზე და ვიდეოებში თუ სოციალურ ქსელებში არ ასახავს რეალობას“.
პრემიერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს შესთავაზა, რომ „ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან, რომ მას მიეღო სასურველი დამატებითი სამედიცინო მომსახურება საქართველოში“.
„ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას საქართველოში, ვაძლიერებთ ინსტიტუტებს. სააკაშვილმა ჩაიდინა მძიმე დანაშაულებები, მკვლელობები, ყოფილი პარლამენტარის სიკვდილამდე ცემა და სხვ. კერძო ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცება, ასევე, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი“, – უთხრა მან დისკუსიის მონაწილეებს.
მიუნხენში პრემიერის ნათქვამი ოპოზიციაში გააკრიტიკეს
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის შეფასებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მოწყობილ პანელურ დისკუსიაზე პრემიერ ღარიბაშვილის ნათქვამი „კიდევ ერთხელ ცხადყოფდა იმას, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ“. „იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ესაუბრა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერაზე… სამარცხვინო განცხადებების კეთებით იყო დაკავებული და იმ კლოუნადით, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა შეარცხვინა“, – განაცხადა მან.
„ჩვენ, კიდევ ერთი სამარცხვინო, ტრაგიკული გამოსვლა ვნახეთ, როცა ისტორიულ, ძალიან მაღალი კალიბრის საერთაშორისო ფორმატზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ქართული პოზიციების ლობირების, უკრაინის საკითხზე ადეკვატური პოზიციის დაკავების ნაცვლად – რომ დიახ, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ამაში, მთელმა მსოფლიომ უნდა შეიტანოს წვლილი – ჩვენ მოვისმინეთ გაურკვეველი, ბუნდოვანი, ვითომ სამშვიდობო რიტორიკა“, – განაცხადა „ლელო საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
„მორიგი სირცხვილი საერთაშორისო არენაზე“, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ მიუნხენში პრემიერის სიტყვა. „მაშინ, როცა მსოფლიო ლიდერები, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის ლიდერები ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერენ უკრაინას, რუსეთის დამარცხებაზე საუბრობენ, ბატონმა ღარიბაშვილმა კრემლში დაწერილი ტექსტი წაიკითხა“, – დასძინა მან.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ჩვენ მოვისმინეთ „მოპუტინისტო, ცუდი კომენტატორის გზავნილები“. „არცერთი გზავნილი, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის არ გაგვიგია…. სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის ასეთი ტრიბუნის არგამოყენებას“, – დასძინა მან.
„პანელური დისკუსია იყო კავკასიაზე. ორი კითხვა დაუსვეს და მათზე პასუხად იბოდიალა ის, რასაც ახლა „გამოსვლად“, „მიმართვად“ და „სიტყვად“ ასაღებენ“, – თქვა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. „არავის აინტერესებს, იქ, დღევანდელ მოცემულობაში, რუსეთის წინაშე გაწოლილი ბიძინას მოურავის გამოსვლა“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)